"მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას" - საზმაუს მცველების განცხადება

12.04.25 16:08
"მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას" - საზმაუს მცველების განცხადება

პირველი არხის ისტორიულ შენობასთან საგანგებო განცხადება გაკეთდა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები არხიდან უკანონოდ გათავისუფლებული ჟურნალისტების ეთერებში დაბრუნებას ითხოვენ.

მოქალაქეები აცხადებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება, რასაც პროფესიონალი, ღირსეული და მრავალწლიანი სტაჟის მქონე ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა ცხადყოფს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ და ვერ ასრულების კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.

11 აპრილამდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმნეტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჩვენ, “საზოგადოებრივი მაუწყევბლის მცველები” არ ვეთანხმებით ამ უსამართლო გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას, ასევე, უნდობლობას ვუცხადებთ მიკერძოებულ მოკვლევას და მის შედეგებს.

დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად - მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას “მოამბის” წამყვანის პოზიციაზე და “რეალური სივრცის” სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან “რეალური სივრცე”  არხზე ერთადერთი გადაცემაა, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა.

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები ვითხოვდით  და ვითხოვთ ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში, ცარიელ სატელევიზიო ბადეში სადისკუსიო ველის შექმნას, ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ არხზე ისმოდეს კრიტიკული ხმა, მოსაზრებათა მრავაფეროვნება, ჯანსაღი დისკუსია, სოციალური საკითხები. ვითხოვთ, რომ არხზე ჩანდეს უფლებააყრილი და ნაწამები ადამიანების სახეები და ისმოდეს მათი ხმა. ჩვენ ვსაუბრობდით სამართლიანი და პროფესიული ჟურნალისტიკის აუცილებლობაზე - ამის საპასუხოდ მივიღეთ ზეწოლა, დაშინება, დევნა!

არ გვეშინია, ვაგრძელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!” - განაცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლების მცველებმა. 

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ტელევიზიიდან გათავისუფლების მოთხოვნით თეა კახიანმა მიმართა. თეა კახიანი განცხადების შინაარს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე, კახიანი წერს, რომ არხი დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.

საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიოგადაცემების "შუადღის პიკისა" და "საღამოს პიკის" პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს.