არ მაქვს უფლება, საზმაუზე არსებული პრობლემების შესახებ ვილაპარაკო, წინააღმდეგ შემთხვევაში განიხილება ჩემი შესაძლო გათავისუფლება - მშვენიერაძე
გადაცემა "რეალური სივრცის" კორესპონდენტი, თამარ მშვენიერაძე "ტვ პირველის" ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისივე განმარტებით, პირველმა არხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 12 თვის განმავლობაში რომელიმე მედიაპლატფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული სხვადასხვა პრობლემის შესახებ ისაუბროს, მაშინ არხის საბჭო მისი გათავისუფლების საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.
თამარ მშვენიერაძის შეფასებით, დოკუმენტის შინაარსი, რომელიც პირველი არხისგან მეილზე მიიღო, გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა.
ჩემთვის ეს სანქცია იკითხება აი ასე, რომ მე 12 თვის განმავლობაში არ მაქვს უფლება, რომ ვილაპარაკო და გამოვიყენო, რომელიმე მედიაპლატფორმა და ვილაპარაკო საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე. გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, განსაკუთრებული აზრი. ესე ამოვიკითხე ამ ტექსტიდან შინაარსი, რომელიც მეილით გამომიგზავნა საზოგადოებრივ მაუწყებელმა. სულ ეს წერია, რომ 12 თვის განმავლობაში მე არ უნდა ვილაპარაკო არცერთ პლატფორმაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს ჩემთვის იკითხება, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ სხვა რაიმე განმარტება არ მოჰყვება ამ ყველაფერს.
რამდენიმე თვის წინ ჩემზე სხვა მედიის მიერ გავრცელდა სრულიად მცდარი ინფორმაცია, სადაც უკანონოდ გამოააშკარავეს ჩემი პერსონალური მონაცემები და ჩემთვის არ იყო დაცული პასუხის უფლება. მე არ მეძლეოდა უფლება, რომ რეალურად მომცემოდა დრო, რომ პასუხი გამეცა. მათ შორის საკუთარი ტელევიზია არ დაინტერესებულა იმით, მაქვს თუ არა სურვილი, სადმე გამეცა მათთვის პასუხი. მე შემიძლია, რომ სხვა მედიაპლატფორმებს ვთხოვო დახმარება და გამოვიყენო, როგორც რესპონდენტმა პასუხის გასაცემად. ამ დოკუმენტში წერია, რომ თუ მე ამ ყველაფერს გავაგრძელებ და თუ კი ამას გავაკეთებ, განიხილება ჩემი შესაძლო გათავისუფლება", - ამბობს თამარ მშვენიერაძე.
ცნობისთვის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამყვანების, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გარდა, დისციპლინური სანქციები დაუწესა 4 თანამშრომელს, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ მაუწყებლის "ქართული ოცნებისადმი" მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას.
მაუწყებლის განცხადების თანახმად, ეს ოთხი ადამიანია:
- გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი თამარ მშვენიერაძე;
- ამავე გადაცემის წამყვანი იოსებ კაციტაძე;
- პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე;
- ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
კრიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, მათაც ემუქრებათ გათავისუფლება.