"ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს" - პირველ არხთან პროტესტია

12.04.25 17:33
"ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს" - პირველ არხთან პროტესტია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეები პირველი არხიდან მრავალწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ.

ადგილზე პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა ბანერი გაშალეს, წარწერით - "ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს".

მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტებს და ფიქრობენ, რომ არხის მენეჯმენტის კრიტიკისთვის გათავისუფლებული თანამშრომლები რეალურად "ქართული ოცნების" რეპრესიებს შეეწირნენ. 

ამას აქვს ერთადერთი ახსნა, ამ ტელევიზიაში არ უნდათ თავისუფალი ადამიანები, არ უნდათ ისეთი ადამიანები, რომელთაც საკუთარი აზრი აქვთ, არიან პროფესიონალები და კარგად მუშაობენ. ამიტომ, ნელ-ნელა ისინი ყველა ასეთ თანამშრომელს ათავისუფლებენ. მხოლოდ და მხოლოდ, ის მიზანი აქვთ, რომ დაიტოვონ იქ მონები". - განაცხადა ნინია კაკაბაძემ. 

დღეს საზმაუს ახალი შენობის წინ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ჩააყენეს, რათა ადგილზე შეკრებილებს შენობაში შესვლა და საპროტესტო ხმის გაჟღერება არ შეძლებოდათ. 

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ტელევიზიიდან გათავისუფლების მოთხოვნით თეა კახიანმა მიმართა. თეა კახიანი განცხადების შინაარს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე, კახიანი წერს, რომ არხი დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.

საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიოგადაცემების "შუადღის პიკისა" და "საღამოს პიკის" პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს.