"ვერთიანდებით მომავლისთვის" - სტუდენტები ხვალ დაგეგმილი მასშტაბუტი აქციისთვის ემზადებიან

"ვერთიანდებით მომავლისთვის, სამშობლოსთვის, რეჟიმის პატიმრებისთვის" - 47 წლის შემდეგ ქართველ სტუდენტებს ისევ ეროვნული იდენტობის დაცვისთვის ბრძოლა უწევთ. ხვალ 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ახალგაზრდები იკრიბებიან.
საპროტესტო აქცია მთელს ქალაქს მოიცავს. სტუდენტების გვერდით ხვალ ის პროფესორ-მასწავლებლები დადგებიან, რომლებიც 1978 წელს სახელმწიფო ენის დაცვისთვის მოწყობილ აქციებში მონაწილეობდნენ.
თსუ-ს სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის დემოკრატიის და ქართული განათლების კერა იყო, ამიტომ ეს ადგილიც სიმბოლურად იქნა შერჩეული.
გვაქვს მიზანი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მჯერა, რომ ერთობით მიზანს მივაღწევთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ბევრნი ვიყოთ, ამიტომ გთხოვთ, რომ 14 აპრისლ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად გააჟღეროთ ხმა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, - ამბობს ახალგაზრდა.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეუერთდეს ამ მარშს. არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ უფროსი თაობაც, იმიტომ, რომ თითოეული სწორი გადადგმული ნაბიჯი დღეს ჩენს ქვეყანაში არის და ზოგადადაც, ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველაფერი გარდამავალი და გარდამტეხი დაწყებული იყო ყოველთვის სტუდენტების და ახალი თაობის მიერ. მნიშვნელოვანია ჩვენი ერის, სიტყვის და ჩვენი თავისუფლების დაცვა არა მხოლოდ 14 აპრილს, არამედ შემდგომშიც, იმიტომ, რომ განცხადებებიდან გამომდინარე აშკარად მოგვიწევს არაერთხელ ბევრი რამის დაცვა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მზად ვართ, - ამბობს სტუდენტი.
ცნობილია, რომ შეკრების შემდეგ სტუდენტები ხვალ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.