ვარკეთილის 196-ე საჯარო ბაღიდან თანამშრომლები დაითხოვეს - რას ამბობენ გათავისუფლებულები

13.04.25 15:21
ვარკეთილის 196-ე საჯარო ბაღიდან თანამშრომლები დაითხოვეს - რას ამბობენ გათავისუფლებულები

ვარკეთილის 196-ე საჯარო ბაღიდან თანამშრომლები დაითხოვეს. გათავისუფლებულია, სულ მცირე, ოცი ადამიანი. 

სამსახურიდან გაშვებულები "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ ისინი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვა. აღმზრდელებს აქვთ ეჭვი, რომ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

პარასკევს მოვიდა დირექტორი სააგენტოდან და ჩამოთვალა გათავისუფლებული ხალხი, 20 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ვარ მეც, რომელსაც 23 წლიანი სტაჟი მაქვს. არანაირი გაფრთხილება, საყვედური და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა გათავისუფლება. მე მაინტერესებს, რის საფუძველზე? თუ რაიმე დანაშაული მაქვს, კი, ბატონო, მაგრამ ასე, რომ ამდენ წლიანი მუშაობის შემდეგ გათავისუფლებული ხარ, კარგად იყავი, მემგონი, რომ სამართლიანი არ არის, - ამბობს გათავისუფლებული თანამშრომელი. 

გათავისუფლებული თანამშრომლები პირდაპირ ამბობენ, რომ მათ ბაღის დირექტორმა ლია დემურჩოვამ უთხრა, რომ სამსახურიდან სააგენტოს სიის საფუძველზე უშვებს. 

ამასთან, სამსახურიდან გაშვებულები ამბობენ, რომ ბაღის შენობა, სადაც დროებით შეასახლეს, ბევრი პრობლემებია.

არის ჯგუფები, სადაც ორი ჯგუფია ერთად შესული და ფანჯარა არ აქვს. უბრალოდ, ჰაერი არ არის. შებრძანდით და ნახეთ. ასე გვითხრა დირექტორმა, რომ სააგენტომ გვითხრაო, რომ ამდენ თანამშრომლეს ვერ შევნახავთ და თურმე ზედმეტები ჩვენ, 20 კაცი ვყოფილვართ, - ამბობს ბაღის ყოფილი აღმზრდელი. 

196-ე საჯარო ბაღის უკვე ყოფილი თანამშრომლები ახლა პროტესტისთვის ემზადებიან. ისინი ხვალ აქციის მოწყობას კახა კალაძის სამსახურთან აპირებენ.