ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი ორი კვირაა შიმშილობს - ოჯახი დახმარებას ითხოვს
ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი უკვე ორი კვირაა შიმშილობს. მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან ღია ტიპის საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია უარზეა.
მიზეზი აბსურდულია. კაცს, რომელიც საპატიმროს მარკეტში მუშაობს, ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი არ ჰყავთ და ამიტომ ვერ გადაიყვანენ შედარებით უკეთეს პირობებში - გეგუთის ციხეში.
პატიმრის ოჯახის წევრებმა მედიას მას შემდეგ მიმართეს, რაც კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა. ლევან ნოდიას ნათესავები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პატიმარს დაჰპირდნენ, რომ ნახევრა ღია დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, თუ ხელისუფლებას არჩევნებში დაეხმარებოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
ოჯახის წევრების მიმართვის ადრესატია ციხის ხელმძღვანელი გოჩა კანდელაკი, რომელსაც სთხოვენ, მიიღოს ზომები და პატიმრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
სულ გვეუბნებიან იმას, რომ კი, გადავიყვანთ. საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის გადაჰყავს და ამიტომ შიმშილობა დაიწყო და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არც სახალხო დამცველი, არც არავინ... ჯერჯერობით არავინაა შესული. შველას ვითხოვთ, ხომ უნდა იყოს რაღაცა საშველი, რომ გადაგვიყვანონ მაინც. დახურულში უკვე 9 წელია რომ ზის. და 9 წლის განმავლობაში იმდენი იყო შეპირება, ახლა არჩევნები იწყება, დაგვეხმარე. თავისუფლად შეიძლება განცხადება დაწერო და ერთი ციხიდან მეორეში გადაიყვანონ. კარგად იქცევა, მუშაობს მანდ და ყველაფერი კარგი აქვს. შენ აქ გვჭირდებიო... გასაგებია, მაგრამ ოჯახსაც ხომ გვჭირდება. ხალხი კლავს, აუპატიურებენ, იმათ არ აძლევენ ამდენ წელს, ამას რომ აქვს, - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.
თუ ლევან ნოდიას პენიტენციური სამსახური მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებს, მისი ძმა გეგმავს, ორშაბათიდან ციხი ეზოში თავად მშრალი შიმშილობა გამოაცხადოს.
ამ დილით რომ დამირეკა, ახლაც არელვებული ვარ, ვინაიდან ძალიან ცუდადაა. უძლურია უკვე ადამიანი, რამდენი დღეა, შიმშილობს. მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. მე მინდა, მივმართო ქუთაისის მეორე დაწესეუბლების უფროსს, გოჩა კანდელაკს, რომ რეაგირება მოახდინოს და გადაიყვანოს ლევან ნოდია მე-1 დაწესებულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეც ვუერთდები ჩემს ძმას და ვუცხადებ სოლიდარობას. ორშაბათს დილიდან მეც მეორე დაწესებულების ეზოდან მეც ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, - ამბობს ლევან ნოდიას ძმა.
პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ომბუდსმენიც, თუმცა ის ამ დრომდე ლევან ნოდიას მოსანახულებალდ არ შესულა.