რატომ გაუშვეს სამსახურიდან 20 თანამშრომელი - 196 ბაღის დირექტორი იმალება
ვარკეთილის საჯარო ბაღის დირექტორი იმალება. 196-ე ბაღის ხელმძღვანელი არ პასუხობს კითხვას, რა მიზეზით გაათავისუფლა სამსახურიდან ოცი თანამშრომელი. ლია დემურჩოვამ "პირველების" ზარს უპასუხა, თუმცა როგორც კი გაიგო, საიდან ხორციელდებოდა ზარი, ტელეფონი გათიშა.
"პირველები" ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. წინასწარი ინფორმაციით, ოცი ადამიანის სახლში გაშვება რეორგანიზაციას უკავშირდება.
სამსახურიდან უმიზეზოდ გაშვებული ადამიანები ფიქრობენ, რომ სამსახურიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო გაუშვეს. ყოფილი თანამშრომლები პირდაპირ ამბობენ, რომ მიზეზი პოლიტიკურია.
სამი წელია, ავიყვანე ჩემი პირველი ჯგუფი. ახლა ძალიან ემოციური ფონი მაქვს მეტირება სულ. ჩემი პატარები 2 წლიდან გავზარდე და მინდოდა, რომ გამეცილებინა სკოლაში. არ დამაცადეს... რის გამო გამიშვეს სამსახურიდან არ ვიცი. აზრი არ უნდა გაგაჩნდეს ამ ქვეყანაში, რაღაც პოზიცია, მესიჯი ვერ უნდა დაწერო. რაც არ მომწონდა იმ რეჟიმში, იმასაც ვწერდი და ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, ახლაც რაც არ მომწონს, იმასაც ვაფიქსირებდი. მე ვფიქრობ, რომ სრულიად პოლიტიკური მოტივით ვართ ყველა ეს 20 ადამიანი გაშვებული. ამ ჩემს ორ მცირეწლოვან შვილს რა მოვუხერხო? კალაძის შვილებს რომ უნდატ ჭამა, ჩემს შილებს არ უნდათ? არც ნაცი ვარ, არც ქოცი ვარ, ხალხო, მოიფიქრეთ, მესამეს რა ჰქვია?, - ამბობს სამსახურიდან გაშვებული აღმზრდელი.
ჩემი მეუღლე არის ვარდენ შერაზადიშვილი, იყო დარაჯი და პარასკევს საღამოს მოდის და მეუბნება, სამსახურიდან გამომიშვესო. რატომ? ვერ მეუბნება პასუხს, არ იცის. რამდენიმე დღის წინ მოაწერინეს ხელი რაღაცაზე, რომ პრეტენზია არ ექნება გათავისუფლების შემთხვევაში. აფხაზეთის ომის ვეტერანი. მართალია, 72 წლის კაცია, მაგრამ 72 წელს თქვენც მიაღწევთ და გადაგდება თუ შეიძლება ადამიანის, მაგას მერე გასაზღვრავთ, - ამბობს მოქალაქე.
ვარკეთილის 196-ე საჯარო ბაღიდან თანამშრომლები დაითხოვეს. გათავისუფლებულია, სულ მცირე, ოცი ადამიანი.
სამსახურიდან გაშვებულები "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ ისინი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვა.
196-ე საჯარო ბაღის უკვე ყოფილი თანამშრომლები ახლა პროტესტისთვის ემზადებიან. ისინი ხვალ აქციის მოწყობას კახა კალაძის სამსახურთან აპირებენ.