ხმაური 196-ე საჯარო ბაღთან - გაშვებული თანამშრომლები დირექტორისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

14.04.25 11:30
ხმაური 196-ე საჯარო ბაღთან - გაშვებული თანამშრომლები დირექტორისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

ვარკეთილის 196-ე საჯარო ბაღთან დილიდან ხმაურია. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დირექტორთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვდნენ, მაგრამ საჯარო ბაღის ხელმძღვანელი დაიმალა. ის შენობაში დილა ადრიან შევიდა, რომ აქციის მონაწილეებს არ შეხვედროდა.

ამის მიუხედავად, საბოლოოდ, ლია დემურჩევა იძულებული გახდა, ბაღის ყოფილი თანამშრომლები შენობაში შეეშვა. ახლა მათ შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

შეხვედრაზე შესვლამდე გაშვებული თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკურია. ამბობენ, რომ გასაშვები თანამშრომლების სია, სავარაუდოდ, თავად დირექტორმა შეადგინა, რომელიც შემდეგ უკვე სააგენტოს გადასცა. 

ამ ქვეყანაში თუ არ ხარ პარტიული, ე.ი. არ გაქვს მუშაობის უფლება. ძალიან არ მომწონს, როდესაც საბავშვო ბაღს, ყველაზე წმინდა, ყველაზე სუფთა, საყვარელ ბავშვებს გვაპირისპირებენ, გინდა თუ არა ბინძურ პოლიტიკაში უნდა გაერიოო. ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ხომ შეიძლება, დაგვაცადონ მუშაობა?, - ამბობს გაშვებული თანამშრომელი. 

გვაქვს კითხვა ქალბატონ ლიასთან, სააგენტოსთან, თუ არ იყო შესაძლებლობა ამისი, რამდენი ახალი ადამიანია მიღებული მას შემდეგ თუნდაც, აქ რომ გადმოვედით? ძალიან ბევრი ადამიანი შემოიყვანეს და დაიწყო ბევრმა მუშაობა. 13 წლიანი სტაჟით რომ მე დღეს მიშვებს უსინათლო შვილის დედას სამსახურიდან და გუშინ რომ შემოიყვანა, ისეთებს რომ ტოვებს, მაპატიოს ჩემმა ყველა თანამშრომელმა, მაგრამ რა კრიტერიუმია ეს/, - ამბობს კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი. 

თბილისის მერიამ უსამსახუროდ ოცი ადამიანი დატოვა. ოფიცილაურ მიზეზად რეორგანიზაცია სახელდება, თუმცა უმუშევრად დარჩენილები ეჭვობენ, რომ განსხვავებული აზრის, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაისაჯნენ.