მათე დევიძის პროცესი იწყება - ცნობილია, ვის დაკითხავენ სინდისის პატიმრის სასამართლოზე

14.04.25 11:26
მათე დევიძის პროცესი იწყება - ცნობილია, ვის დაკითხავენ სინდისის პატიმრის სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმარი მათე დევიძე მიიყვანეს. მოსამართლე დღეს რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდის საქმეზე მტკიცებულებებს გამოიკვლევს. დაიკითხებიან მოწმეები.

ცნობილია, რომ ბრალდების მხარე დღეს 2 მოწმეს მიიყვანს სასამართლოზე - ერთ-ერთია მედიკოსი, ვინც ე.წ. დაზარალებული პოლიციელებს დათვალიერება ჩაუტარა. 

პროკურატურის მეორე მოწმეა, გამომძიებელი, ვინც ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება გაშიფრა. 

წინა სასამართლო სხდომაზე დევიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მას ცრუ დასმენას აიძულებდნენ. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აგრძელებს უშუალოდ მოწმეთა დაკითხვას, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი - ექსპერტი, რომელმაც ერთ-ერთ დაზარალებულს ჩაუტარა შესაბამისი შემოწმება და დაადგინა, რომ მას აღენიშნებოდა დაზიანებები და ეს დაზიანებები იყო სწორედ თანხვედრაში იმ განმარტებებთან, რასაც კონკრეტულად აღნიშნული პირი აკეთებდა, გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაიკითხება ერთ-ერთი გამომძიებელი, რომლებმაც უშუალოდ დაათვალიერეს ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია ბრალდებულის მიმართ თავდასხმის ფაქტი.  ვიდეოჩანაწერის დათვალიერების  მონაწილე, ვიდეოჩანაწერი რომ დაათვალიერა ამასთან დაკავშირებით მოგვახსენებს"- აცხადებს საქმის პროკურორი. 

ცნობისთვის, 21 წლის მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები