მოწმე პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის ტკივილზე საუბრისას ჩვენების მიცემის დროს სიცილი ვერ შეიკავა

14.04.25 15:40
მოწმე პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის ტკივილზე საუბრისას ჩვენების მიცემის დროს სიცილი ვერ შეიკავა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ამ წუთებში მოწმე პოლიციელები იკითხებიან. მათ შორისაა პოლიციელი, რომელიც ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელმა ტელეფონით მიიღო დავალება, რომ ირაკლი დგებუაძისთვის სილა გაეწნა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს დაჭერილი ჟურნალისტი და მისი უფლებადამცველი.

მიხეილ დარჩია სწორედ ის გამომძიებელია, რომელსაც მზია ამაღლობელის საქმე ჩააბარეს. პროკურორები დღეს მას მარტივ კითხვებს უსვამდენენ. აინტერესებდათ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე, რაზეც დარჩიამ უპასუხა, რომ მათ შორის, ირაკლი დგებუაძე გამოჰკითხა. 

გარდა ამის, მოწმე პოლიციელმა დღეს სხდომაზე სიცილი ვერ შეიკავა დგებუაძის ტკივილზე საუბრისას. ეს მაშინ მოხდა, როცა გამომძიებელ მიხეილ დარჩიას პროკურორმა ჰკითხა ირაკლი დგებუაძის განცდებზე, თუ რა იგრძნო მას შემდეგ, როდესაც მზია ამაღლობელმა სილა გააწნა.

რაც შეეხება კითხვებს მეორე ნაწილს, ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ არ არის მზია ამაღლობელის საქმეში ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცხადყოფდა იმ დაზიანებებს, რომელიც ჟურნალისტს დაკავების შემდეგ ჰქონდა. 

დარჩია დღეს ამტკიცებდა, რომ ამაღლობელს დაზიანებები დანაშაულებრივი ქმედების შედეგად არ მიუღია, ამიტომ ამას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. 

მის მიმართ არ იყო ჩადენილი არანაირი დანაშაული. მასალებში აღნიშნულია, რომ მას აღნიშნულ დაზიანებებზე პრეტენზია არ გააჩნია, - თქვა პროცესზე გამომძიებელმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი ახლაც გრძელდება. ცნობილია, რომ გამოსაკითხთა სიაში არის თავად ირაკლი დგებუაძეც, რომელიც ამტკიცებს, რომ ამაღლობელის სილის გაწნის გამო ძლიერი ტკივილი განიცადა. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის მივა დგებუაძე სასამართლოში, დღეს თუ მომდევნო დღეებში. 

მსგავსი სიახლეები