მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 28 აპრილს გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა 28 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ. ჩვენება დღეს საქმის გამომძიებელმა, მიხეილ დარჩიამ და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსმა არჩილ ანთაძემ მისცეს.
მოწმე პოლიციელმა მიხეილ დარჩიამ დღეს სხდომაზე სიცილი ვერ შეიკავა დგებუაძის ტკივილზე საუბრისას. ეს მაშინ მოხდა, როცა გამომძიებელ მიხეილ დარჩიას პროკურორმა ჰკითხა ირაკლი დგებუაძის განცდებზე, თუ რა იგრძნო მას შემდეგ, როდესაც მზია ამაღლობელმა სილა გააწნა.
მოწმე პოლიციელებთან დღეს კითხვები ადვოკატებსაც ჰქონდათ. ინტერესების დამცველებს აინტერესებდათ, რატომ არ არის მზია ამაღლობელის საქმეში ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცხადყოფდა იმ დაზიანებებს, რომელიც ჟურნალისტს დაკავების შემდეგ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ "ბათუმელების და " ნეტგაზეთის" დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც "პოლიციელზე თავდასხმას" გულისხმობს.