აქტივისტი წერს, რომ "ტიტუშკები" თავს დაესხნენ, მის მეგობარს კი მიყენებული დაზიანების გამო ოპერაცია დასჭირდა
მოქალაქე ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისუფლების მოედანზე მასსა და მის მეგობარს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისივე ცნობით, თავდამსხმელებმა კეფისა და ნათხემის ადგილას წვეტიანი ნივთი ჩაარტყეს, რის შედეგადაც თავის არეში არაერთი დაზიანება მიიღო. რაც შეეხება მის მეგობარს, ლექსო სამხარაძე აღნიშნავს, რომ ლევან ყანჩაველს თავის ქალა გაუბზარეს, რის გამოც ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
"სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა" - წერს ლექსო სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე.
სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა.
ძალიან ბევრჯერ დამესხნენ თავს და ყოველ ჯერზე მოვახერხე უდანაკარგოდ გამოვსულიყავი. ამჯერად თავისუფლების მოედანზე უკნიდან კეფისა და ნათხემის ადგილას, კასტეტისმაგვარი წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში და ამითივე შეიარაღებულებმა მუშტი კრივი გაგვიმართეს. საკმაოდ ბევრი ნახეთქი ჭრილობები მოგვაყენეს თავის არეში.
ჩემ ძმაკაც Levan Kanchaveli-ს ოპერაცია დასჭირდა, რადგან თავის ქალა გაუბზარეს. გაბზარულ ადგილას სანტიმეტრ ნახევრიანი ტიტანის იმპლანტი ჩაუდგეს. ხვალე მივდივარ მეც კატეს გადასაღებად.
ჩვენ მალე გავმოვჯამრთელდებით და იმაზე ჩქარა ვიდრე მავანთ გონიათ, გათავისუფლებულ რეჟიმის ტყვეებთან ერთად, ავღნიშნავთ ქოცების რუსეთში გაქცევას.
P.S. პირველ სურათში, ჩემი კეპია რომ მიხვდეთ, დაახლოებით როგორი წვეტიანი საგანი ჩამარტყეს და იმავე საგანით გვეჩხუბნენ." - წერს მოქალაქე.