"მოველოდით, რომ ინდივიდუალურად გაგვათავისუფლებდნენ, თუმცა საჯაროდ დაგვსაჯეს" - ყოფილი საჯარო მოხელე

"მოველოდით, რომ ინდივიდუალურად გაგვათავისუფლებდნენ, თუმცა საჯაროდ დაგვსაჯეს" - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა, მარიამ ჩაჩუამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ქარდავამ ის თანამშრომლები შეკრიბა, რომლებიც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელს აწერდნენ, და მათ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება კოლექტიურად აცნობა.
"პირდაპირ გვითხრა, რომ თქვენი საჯარო აქტიურობის გამო ყურადღება მიიქციეთ და ეს შედეგი დადგაო" - აღნიშნა ყოფილმა საჯარო მოხელემ.
რაც შეეხება ჩვენ გათავისუფლებას, მოველოდით, რომ ეს მოხდებოდა ინდივიდუალურად, რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენი გათავისუფლება ყველაზე ცუდი ფორმით მოხდა. ეს იყო საჯაროდ დასჯა. შეგვკრიბეს თანამშრომლები მოულოდნელად და ხუთ ადამიანს, ვინც ხელმომწერი ვიყავით, ხელის დადებით მიგვითითეს, რომ თქვენი აქტიურობის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის კვლევითი ცენტრი იქნას გაუქმებული. შეგვკრიბა ცენტრის დირექტორმა, ჩვენმა ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ. მან გამოგვიცხადა ამის შესახებ. პირდაპირ გვითხრა, რომ თქვენი საჯარო აქტიურობის გამო ყურადღება მიიქციეთ და ეს შედეგი დადგაო". - განაცხადა მარიამ ჩაჩუამ.