ანატოლი გიგაური გამომძიებელს: რატომ მაიძულებდით ტანსაცმლის გახდას? თქვენ ოთახში შემოვიდა პოლიციელი გაბუნია, თავში მირტყა, თქვენ რეაგირება არ გქონდათ
რატომ მაძალებდით ტანსაცმლის გახდას, რას ერჩოდით ჩემს შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა პოლიციელი ვახტანგ გაბუნია და თავში მირტყა, თქვენ კი კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა მოწმედ გამოძახებულ გამომძიებელს.
ვახტანგ დაბრუნდაშვილი, რომელმაც გიგაური დაკავების შემდეგ გამოკითხა, დღეს სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ანატოლი გიგაურმა, რომელსაც რეჟიმი პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმას ედავება, უარი განაცხადა დაკითხვაზე.
გამომძიებლის ამ განცხადებას, ბრალდებულის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მოწმე იტყუება და გამომძიებელს მის ოთახში განვითარებული მოვლენები თავად გაახსენა.
რეჟიმის პატიმარმა დეტალურად მოყვა, როგორ აწამებდნენ დიღმის სამმართველოს შენობაში პოლიცილები, ამ ყველაფერს კი მისი თქმით, სწორედ მოწმედ გამოძახებული გამომძიებელი უყურებდა.
- გამომძიებლმა დღეს დაადასტურა, რომ ანატოლი გიგაურს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც მან ოქმის შედგენისას განმარტა.
„მე გამოვიყენე დუმილის უფლება და მათთვის არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. [მოწმემ] თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ.
თქვენ ოთახში რაც ხდებოდა, ხართ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი? რა დარღვევაც მოხდა, როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი ამაზე, ნაცვლად იმისა, რომ კომპიუტერში არ გეწკაპუნებინა? მკითხეთ, რა მოხდაო? მე გიპასუხეთ, რომ დუმილის უფლებას ვიყენებ-მეთქი. გითხარით, თუ არა ეს სიტყვა? გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი? რატომ მაძალებდით ჩემი ტანსაცმლის გახდას და თქვენ მიერ მოთრეული ორი ზომით დიდი შარვლის და „სვიტრის“ ჩაცმას? რას ერჩოდით შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა, თქვენ ოთახში განმივითარდა ჰემატომა. ეს თქვენ წინ მოხდა და თქვენ კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ. თავში ჰემატომა მქონდა, ბატონო მოსამართლევ, ზუსტად ამის ოთახში განმივითარდა ჰემატომა და ამ ყველაფერს ეს ვაჟბატონი ესწრებოდა“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამომძიებელს ჰკითხა, იყო თუ არა მასსა და ბრალდებულს შორის მსგავსი საუბარი, რაზეც მან ასე უპასუხა: „სიტყვები არ მახსოვს, რას ამბობდა“. გარდა ამისა, მოსამართლემ გამომძიებელ ასევე ჰკითხა, გააშიშვლეს თუ არა ბრალდებული.
„რა თქმა უნდა, შემოწმებული იყო. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ უნდოდა მას ჩვენების მიცემა, როგორც მე მახსოვს, არ სურდა ინფორმაციის მოწოდება“, - განაცხადა ვახტანგ დაბრუნდაშვილმა.
სასამართლოზე დღეს ასევე გამოიკითხა კიდევ ერთი გამომძიებელი - თევდორე გიორგაშვილი სხდომაზე ამტკიცცებდა, რომ ვიდეოკადრებში, რომელიც მან დაათვალიერა, არ უნახავს, რომ პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ანატოლი გიგაურისთვის ხელი დაერტყა.
„პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დავიწყე. ვახტანგ გაბუნიაზე მოხდა თავდასხმა. თვითონ მოვიდა, დაკითხვის პროცესში ვიზუალურად შევამჩნიე სიწითლეები სახისა და კისრის არეში. მეტი არაფერი შემინიშნავს. ვიდეოჩანაწერი დავათვალიერე და ვახტანგ გაბუნიას მხრიდან ანატოლი გიგაურის მიმართ ხელის დარტყმა არ მინახავს“, - განაცხადა თევდორე გიორგაშვილმა.
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ანატოლი გიგაურის დაზარალებულად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მისივე თქმით, გიგაურს აღენიშნებოდა დაზიანებები.
ანატოლი გიგაურის საქმეზე შემდეგი პროცესი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 7 მაისს 14:00 საათზე ჩანიშნა. სავარაუდოდ, სწორედ ამ პროცესზე გამოიკითება დაზარალებულად გამოცხადებული პოლიციელი ვახტანგ გაბუნია.
- ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
- ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.