კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს ციხის კედლებს მიღმა გაატარებს, სწორი გადაწყვეტილებაა - ოჯახის ადვოკატი

16.04.25 11:36
კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს ციხის კედლებს მიღმა გაატარებს, სწორი გადაწყვეტილებაა - ოჯახის ადვოკატი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას აბრამიძის ოჯახის ადვოკატი "ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად" აფასებს.

როგორც ლექსო სვიმონიშვილი ამბობს , სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ადვოკატის ვარაუდით, ზემდგომი ინსტანციებიც ძალაში დატოვებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთადერთი, სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ბექა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავის აღკვეთა განესაზღვრა. ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რითაც ოჯახი კმაყოფილია. კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს ციხის კედლებს მიღმა გაატარებს", - ამბობს კესარიას ოჯახის ადვოკატი.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს .

როგორც დაცვის მხარე ამბობს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2004 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.