გთხოვთ, მომეცით 3 საათით გასვლის და საცოლესთან ქორწინების საშუალება - თემურ ქათამაძე
საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი "ბათუმელი მედროშე", თემურ ქათამაძე საცოლესთან დაქორწინების მიზნით, საპატიმროდან 3 საათით გასვლის უფლებას ითხოვს.
5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია, ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს - წერს ქათამაძე წერილში, რომელიც მისმა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „საიამ" გაავრცელა.
„თურქეთში გაძევების შემთხვევაში იქ დაპატიმრება და ციხე მელოდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, 5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია, ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ დიდი ალბათობით აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძვლით, თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ეთნიკური ქართველის სახით, თქვენი სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის”. – წერს თემურ ქათამაძე წერილში.
- შეგახსენებთ, რომ აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.