"შვილის ციხეში მონახულებაზე უარი მივიღე" - გიორგი მინდაძის დედა

16.04.25 16:02
"შვილის ციხეში მონახულებაზე უარი მივიღე" - გიორგი მინდაძის დედა

სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის საქმე - დღევანდელს სასამართლო პროცესზე ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. 

პროკურორმა სხდომაზე გიორგი მინდაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი და ის შარვალი წარმოადგინა, რომელიც ბრალდებულს შემთხვევის დღეს ეცვა.

დღეს გაირკვა ასევე ისიც, რომ გიორგი მინდაძე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. 

ახლა ბრალდების მხარეს ორი მოწმე დარჩა დასაკითხი, რომელთა შორის არის ის სპეცრაზმელი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, მინდაძის მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაზიანება მიიღო.

სასამართლოში იმყოფებოდა სინდისის პატიმრის დედობილიც. ნანი წულაიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვილის მონახულებაზე უარი უთხრეს, რადგა მას მეურვეობა აღარ აქვს. 

დღეს ქალმა "პირველებთან" თქვა, რომ სწორედ სასამართლოა ის ერთადერთი ადგილი, სადაც მისი შვილის ნახვა შეუძლია. 

ახალი მომხდარია ეს, ერთი კვირის ამბავია რაც გავიგეთ 24 საათიანი რომ შეიძლებოდა, გიომ სოციალთან მოითხოვა, იქ უარი უთხრეს მე ფიზიკურად მივედი, სიტყვიერად ვითხოვე და უარი მივიღე. სინამდვილეში რომ ვთქვათ ახლა, სინამდვილეში დოკუმენტი მართლა არაფერი მაქვს ახლა , 21 წლის რომ არის და მანამდე მეურვე ვიყავი და ჩემს გვარზე გადმოყვანილი არ მყავს. რაღაც ამიჩუყდა გული თორემ სულ შემართებით მოვდივარ, სულ ისეთი გაღიმებული ვარ. სასამართლოს დღე რომ არის მიხარია იმ მხრივ, რომ გიოს თვალებს და სახეს დავინახა", - ამბობს მინდაძის დედობილი. 

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები