გიორგი ჩიკვაიძე: დაკავების შემდეგ, რეჟიმი მაიძულებდა, ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ ცრუ განცხადება გამეკეთებინა
გიორგი ჩიკვაიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს - ბიზნესმენის თქმით, დაკავების შემდეგ, მას რეჟიმი აიძულებდა, ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ ცრუ განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, თითქოს დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად აშშ-ის საელჩო აძლევდა.
ჩიკვაიძის თქმით, თუ დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი დადგება, ის თანამშრომლობისთვის მზად არის.
ამასთან, ბიზნესმების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ყოფნა უსაფრთხო არ არის.
გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოკლან:
საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ აშშ-ის სალჩო პირველივე დღიდან უწევს მონიტორინგს ჩვენს წინააღმდეგ შეკერილ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს.
რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ ჩვენს წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებაში, დევნის ნაწილში, მათ გადაწყვიტეს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს პროკურატურაში, რასაც ამერიკის საელჩოც დაგიდასტურებთ. წერილში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს საქმეს უწევდნენ მკაცრ კონტროლს.
დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს ამერიკის სახელმწიფოს წინააღამდეგ. თუ დადგება დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათ საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ვამხილო ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების თუ რომელი წარმომადგენელების ინიციატივა იყო ეს ყველაფერი.
გარკვევით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველ დღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია.ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახებს.
მალე ყველაფერი კარგად იქნება.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!"- წერს ჩიკვაიძე.