საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

16.04.25 18:37
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე რევაზ ნადარაია აირჩია - ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. 

რევაზ ნადარაია მოცემულ პოსტს მომდევნო 5 წლის ვადით დაიკავებს. 

რევაზ ნადარაია სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში);

საკონსტიტუციო სასამართლოში გაწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები. ამასთანავე, რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2019 წელს კი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად.