უსამართლო, უგუნური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებაა - ლევან წულაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
რეჟისორი ლევან წულაძე დავით დოიაშვილის მოხსნას "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოზიციიდან უსამართლო და უგუნურ გადაწყვეტილებად აფასებს.
ლევან წულაძე დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებს და "პირველებთან" ამბობს, რომ იგი დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის უფლებების დაცვისთვის ისჯება.
ეს არის ძალიან უსამართლო, ძალიან უგუნური, ძალიან დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, რომელიც უკან დაწევს ზოგადად ქართულ თეატრს. ქართველი საუკეთესო რეჟისორი, რომელსაც დღეს წინ მიჰყავდა ქართული თეატრი არ შეიძლება დატოვო თეატრს მიღმა. როგორი პოზიციაც არ უნდა გქონდეს და როგორც არ უნდა მოგწონდეს იგი, არ შეიძლება ამის გაკეთება.
დანაშაული პოლიტიკის წინაშე შეიძლება ყველას ჰქონდეს, პოლიტიკა გაქრება ადრე თუ გვიან, მაგრამ კულტურა ყოველთვის დარჩება. ამ დანაშაულს კიდე ვერ გამოასწორებს ვერავინ.
ის ისჯება იმის გამო, რომ მისი მსახიობი, რომელიც არის დაპატიმრებული, იცავდა მის უფლებებს თავის თეატრთან ერთად, თავის მსახიობებთან ერთად და იდგა თავის მსახიობებთან ერთად. სხვა მას არაფერი გაუკეთებია, მას არ შეუცურავს ამ პოლიტიკურ ზღვაში. ჩვენს აღშფოთებას არ ექნება საზღვარი, ეს საქციელი არ დაავიწყდება არავის, ჩვენს შემდეგ თაობებსაც კი", - ამბობს ლევან წულაძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.