მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარია, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები! - დავით დოიაშვილის პირველი განცხადება

"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით დოიაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს.
რეჟისორი ახალი თეატრის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების წინაშე ამბობს, რომ პოსტიდან მისი გადაყენება მნიშვნელოვანი არ არის, რადგან დოიაშვილის განმარტებით, ახლა ყველაზე მთავარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.
"მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარია, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ!" - აცხადებს დავით დოიაშვილი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდა.
ყველას დიდი მადლობა აქ რომ ხართ ამ სოლიდარობით. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, რადგან ჩემი მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მყარი და გამოუცხადო სოლიდარობა. ამიტომ ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ. მესმის ეს ყველაფერი, აბსოლუტურად გასაგებია. საერთოდ არ ვნერვიულობ, რადგან ამ ყველაფერს ველოდი.
ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მიკვირს კიდევ ამდენი ხანი რომ მაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში. მე თვითონ არ ვიცი, დასი არის შეკრებილი და იღებს გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ, რადგან ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის. როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი, ხორცი, ანდრო ჭიჭინაძე. ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოყვა ის, რაც მოყვა. მე თუ ვიქნებოდი ხელმძღვანელი, თეატრი არ დაბრუნდებოდა სცენაზე, თუ ანდროს არ გამოუშვებდნენ. ამიტომ გააკეთეს. მე არ ვიცი, რა სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც ღმერთმა მაჩუქა. ეს რომ იყოს თიკა რუხაძის გადაწყვეტილება, უფრო ადრე მოხდებოდა, ეს უფრო მაღალი გადაწყვეტილებაა. როცა უდანაშაულო ადამიანებს არ უშვებენ ციხიდან და ამაზე პასუხს არავინ აგებს, მაშინ უკვე ყველაფერს ველოდები". - განაცხადა დავით დოიაშვილმა.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.