რეჟიმი გვაჩუმებს - ქეთათო პოპიაშვილი
რეჟიმი გვაჩუმებს, - ასე ეხმაურება ქეთათო პოპიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
ქეთათო პოპიაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, საქართველო რუსეთს დაჩქარებული ტემპით უახლოვდება.
მე მგონია, რომ ძალიან დაჩქარებული ტემპით მივდივართ რუსეთისკენ. სამწუხაროდ, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ ყოველგვარი თავისუფალი სიტყვა არის დათრგუნული და ჩახშობა ხდება ყველაფრის. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ამით რეჟიმი გვეუბნება ჩუმად იყავითო, გვაჩუმებენ. გიჟივით გამოვვარდი იმიტომ, რომ სახლში ვერ გავჩერდებოდი. უნდა ვიყო აქ, არ ვიცი რა იქნება, სადამდე შევძლებთ ჩვენს პოზიციის გამოხატვას. შეიძლება ცოტა ხანში ესეც ვერ შევძლოთ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ", - ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.