„რა დღეში ჩაგიგდია თავი" - ანდრო ჭიჭინაძე თიკა რუხაძეს
„რა დღეში ჩაგიგდია თავი" - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ თიკა რუხაძეს.
მსახიობის წერილი კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისმა კოლეგებმა წაიკითხეს.
დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის - წერია ჭიჭნაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
„რა დღეში ჩაგიგდია თავი. სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია.
წესით ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ. გახსენებთ, გელათი გენგრევათ. გახსენებთ, რომ ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეშუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. რისთვის იცლით, უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?“, - წერს ჭიჭინაძე წერილში.
ჭიჭინაძემ სოლიდარობა გამოუცხადა დათო დოიაშვილს და უთხრა, რომ "ყველაფერი წინ არის".
ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს, დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის
ასევე მსახიობი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინა მთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას? არა მგონია“, - ნათქვამია წერილში.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.