კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ ნებისმიერ ფასად სურს იხილოს მზია ამაღლობელი პატიმრობაში-მაია მწარიაშვილი

17.04.25 19:06
კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ ნებისმიერ ფასად სურს იხილოს მზია ამაღლობელი პატიმრობაში-მაია მწარიაშვილი

ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ირაკლი კობახიძის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და ის ცრუ ბრალდებების გაჟღერებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, კობახიძის განცხადება ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იყო.

მწარიაშვილი კობახიძეს მოუწოდებს, თუ ამაღლობელის საქმეზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებლებმა ან პროკურორებმა, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განამარტება, თუ რა იცის ამ დავალების შესახებ.

დღევანდელი ერთგვარი განცხადებით ვპასუხობ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას რუსთავი 2-ის ეთერში - ბატონი კობახიძის გუშინდელ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მზია ამაღლობელის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, უკვე მერამდენედ, ბატონმა კობახიძემ, საჯაროდა და დაუფარავად აჩვენა, სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში. მანდ საჯაროდა და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. 

გუშინდელი მისი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებისა, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა, მოგეხსენებათ ევალება მთავრობას, თავად მოსამართლესა და პროკურორს, არა თუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. თავად მოსამართლესა და პროკურორსაც კი ეკრძალება, იქამდე, ვიდრე განაჩენი არ შევა კანონიერ ძალაში, რაიმე გარემოებებზე ისაუბრონ დადასტურებითა და დარწმუნებით. 

მოცემულ შემთხვევაში კი, ბატონი კობახიძის კომენტარები, არა მხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ, ამავდროულად ემსახურებოდა მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას. მინდა კონკრეტულად ვუპასუხო მის ყოველ ფრაზას.

კონკრეტულად, მან თქვა, რომ:

  • 1. მზია ამაღლობელმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს;
  • 2. მზია ამაღლობელი მოქმედებდა დავალებით, მისი დაკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი;
  • 3. მან ბრძანა, რომ მისი დაკვეთა იყო პოლიციელისთვის ღირსების შელახვა.

ამ ფრაზებიდან, ბატონ კობახიძეს მინდა დავუდასტურო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც შეურაცხყოფა. 

მისდა გასაკვირად, მინდა მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში, მისი ბრალდება და პატიმრობა გახლავთ უკანონო. მისივე თქმით, მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა, შესაბამისად მას, ასევე მინდა შევახსენო, რომ პატივი და ღირსება არ გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი, არამედ პატივისა და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. 

დიახ, პოლიციელის შეურაცხყოფა არ ისჯება სისხლის სამართლის წესით, კერძოდ კი მზიას ინკრიმინირებული მუხლით, არამედ შესაძლოა წარმოადგენდეს, მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

კობახიძემ მზიას დააბრალა, რომ ის დაკვეთითა და დავალებით მოქმედებდა. ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით ან დაკვეთით.

ბრალდებისა და პროკურატურის დადგენილებით, წერია რომ მზია ამაღლობელი პირადი მოტივებით მოქმედებდა ბატონი დგებუაძის მიმართ. რა სხვაობაა პირადი მოტივებით მოქმედებასა და სხვისი დავალებით მოქმედებას შორის, იცის ელემენტარული სამართლებრივი ცოდნის მქონე, ნებისმიერმა პირმა, ამიტომ აქ ამის ახსნას არ შევუდგები.

გარდა იმისა, რომ მზიას ბრალდება არ არის სხვისი დავალებით მოქმედება, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება. 

შესაბამისად, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არის სიცრუე. თუ კი, ბატონ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან სიმართლე გაახმოვანა და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებლებმა ან პროკურორებმა, მოვუწოდებ, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განამარტება, თუ რა იცის ამ დავალების შესახებ და კონკრეტულად, რა დავალება მიიღო მზია ამაღლობელმა, ვისგან მიიღო და რას შეეხებოდა", - თქვა მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, კობახიძემ 16 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მზია ამაღლობელის დავალება პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო. 

მსგავსი სიახლეები