ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე “რეალური სივრცის” რედაქტორი გააფრთხილა

17.04.25 19:41
ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე “რეალური სივრცის” რედაქტორი გააფრთხილა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე “რეალური სივრცის” რედაქტორი, ტუხა კვინიკაძე გააფრთხილა.

ბრძანებაში, ბერძენიშვილი კვინიკაძეს  „მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო საყვედურს უცხადებს და აფრთხილებს, რომ განმეორების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლდება. 

"პირველების" ინფრომაციით, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა "შაბათ-კვირის შოუს" კორესპონდენტ ანა აბაკელიას და "შაბათ-კვირის შოუს" აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჭინჭარაულსაც.

სამივე ჟურნალისტს 12 თვის განმავლობაში ეკრძალება პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა და თუ "დარღვევას გაიმეორებენ" შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ.

ცნობისთვის,  საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 აპრილს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ტელევიზიიდან გათავისუფლების მოთხოვნით თეა კახიანმა მიმართა. კახიანმა დაწერა, რომ არხი დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.

საყურადღებოა ისიც, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიოგადაცემების "შუადღის პიკისა" და "საღამოს პიკის" პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს.

მსგავსი სიახლეები