როგორ მდიდრდებიან “ოცნების“ დეპუტატები-კორუფციის მკვლევრები გიორგი ჭყონიას შემოსავლებით დაინტერესდნენ

18.04.25 15:40
როგორ მდიდრდებიან “ოცნების“ დეპუტატები-კორუფციის მკვლევრები გიორგი ჭყონიას შემოსავლებით დაინტერესდნენ

როგორ მდიდრდებიან “ოცნების“ დეპუტატები-კორუფციის მკვლევარები გიორგი ჭყონიას საქმიანობით და შემოსავლებით დაინტერესდნენ.

ირკვევა, რომ “ოცნების“ დელეგატად არჩევის შემდეგ,  ჭყონიას კომპანიამ 44 მილიონზე მეტის ხელშეკრულებები მიიღო. ამასთან, ბოლო 7-მილიონიანი შესყიდვები მის კომპანიასთან სულ ახლახანს გაფორმდა. 

წლებია ბიზნესმენის მთავარი შემოსავალი სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტზე გადის. ჭყონია იმითაც გამორჩეულია, რომ ის “ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია და მას და მის პარტნიორებს მმართველი გუნდისთვის მილიონზე მეტი აქვთ შეწირული.

კორუფციის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს არის კარგად აწყობილი სქემა, როდესაც ერთი ბიზნესმენი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ფულს შოულობს სახელმწიფოს ხარჯზე, შემდეგ კი ამ ფულის ნაწილს “პარტიის შავ ყულაბაში“ აბრუნებს.

გახდა დეპუტატი და აღმოჩნდა, რომ ის თავის საქმიანობას აგრძელებს არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც ბიზნესმენი, რომელსაც აქამდეც კარგად გვარიანად ჰქონდა სახელმწიფო შეზღუდვებიდან მიღებული თანხა. 24 წლამდე იყო ძირითადად არა მხოლოდ მიმღები ამ სახელმწიფო შეზღუდვების, არამედ დონორი მმართველი პარტიის, პირადად, დაახლოებით, 400 ათასი ლარი აქვს გაღებული, ხოლო მის ბიზნესპარტნიორებს და იმ ადამიანებს, ვინც მის ბიზნესში სხვადასხვა პოზიციებზე არიანდ ასაქმებულნი, მილიონ ლარზე მეტი. ის ძალიან მსხვილი შემწირველია „ოცნების“, შემდეგ სიაში მოხვდა და გახდა “ოცნების“ დეპუტატი. ის ღიად ეუბნება საზოგადოებას, იმიტომ მინდა დეპუტატობა, რომ გავაგრძელო საქმიანობა და ისევ მივიღო სახელმწიფო შესყიდვები. ასე მდიდრდებიან ის დეპუტატები და საჯარო მოხელეები, რომლებიც იყენებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, შესყიდვების სისტემას იმისთვის, რომ პირადი სარგებელი ნახონ და ამით დააზარალონ და გააღარიბონ მოქალაქეები, - ამბობს ზვიად ქორიძე.

გიორგი ჭყონია დიდი ხანია, “ოცნებასთან“ დალაგებულ სიტუაციაშია, რადგან ის და მისი მეგობრები და ბიზნესპარტნიორები არიან ერთ-ერთი მსხვილი შემწირველები “ოცნების“, სამაგიეროდ კი იღებენ ტენდერებს, ამის მაგალითია 500 მილიონი ლარის ტენდერები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე იღებენ სხვადასხვა ბენეფიტებს-მიწებს იაფად. იღებენ სახელმწიფოსგან დაფინანსებებს, სუბსიდიებს იმისთვის, რომ ააშენონ საკუთარი სასტუმრო. ასევე სახელწმიფო უფინანსებს გიორგი ჭყინიას მისასვლელი გზის გაკეთებასაც კი საკუთარ სასტუმროსთან და ამ გზასაც მისივე კომპანია აკეთებს. ჭყონიას კომპანია ეხმარებოდა ივანიშვილს ხეების გადატანაში, ისეთი კომპანიების და მშენებლობების მოშორებაში, რომელიც მისთვის თავის ტკივილი ხდებოდა, -ამბობს ია ასათიანი.

“პირველები“ შეეცადა ჭყონიას დაკავშირებოდა, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვიდან  37,095,628 ლარი მიიღო.

TI -ის ცნობით, ამ თანხის 91,7% (34,017,338 ლარი) ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” მიერ გამოცხადებულ 4  ტენდერზე მოდის, ხოლო 3,078,290 ლარი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიდან მიიღო.