ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ

18.04.25 17:40
ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები- ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ტელევიზიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ საჩივარი უკვე მზად აქვთ და ასევე, ის საყვედურებიც გასაჩივრდება, რომლებიც თანამშრომლებს გამოეცხადათ.

ყველა გაფრთხილების უკან მე ვხედავ ვასილ მაღლაფერიძის მოქმედებას, რომელიც გამოცემულია თინათინ ბერძენიშვილის ხელმოწერით. ეს არის პირდაპირ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის დაშინების მცდელობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკვე ლაპარაკობს თუ რა ვითარებაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ასევე, გაფრთხილება იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთაც შეუძლიათ ამხილონ ის სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში. ჩვენ ვაპირებთ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელოთ, მე და ნინო ზაუტაშვილი ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ. ასევე, ის საყვედურები, რომლებიც გამოეცხადათ თანამშრომლებს აუცილებლად გასაჩივრდება- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

2 ტელევიზიის წინააღმდეგ აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას ნინო ზაუტაშვილი. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, “იმედსაც“ მოუწევს პასუხი აგოს მათ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე, რომელიც ზაუტაშვილის თქმით, მასთან არც კი გადაამოწმეს.

სარჩელი მზად არის, რომელიც შევა ორი ტელეკომპანიის მისამართით- ერთი ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, რადგან ჩემი გაშვება სამსახურიდან მოხდა უხეში სამართლებრივი დარღვევებით, ასევე იქნება “იმედის“ წინააღმდეგ, რადგან მათაც უხეში დარღვევებით გაასაჯაროვეს პირადი ინფორმაცია და მათ მოუწევთ ამ ფაქტის აღიარება, რადგან არ იყო ფაქტები გადამოწმებული ჩემთან, არ განხორციელებულა მათი მხრიდან არანაირი ზარი, დაუშვეს ფაქტობრივი შეცდომები და იხმარეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა-“უკანონო შემოსავლები“, რისი დამტკიცებაც მოუწევთ“,- ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

ცნობისთვის,  საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.

მსგავსი სიახლეები