რეპრესიები საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება-ბერძენიშვილმა სამ თანამშრომელს გაფრთხილება გამოუცხადა

18.04.25 17:30
რეპრესიები საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება-ბერძენიშვილმა სამ თანამშრომელს გაფრთხილება გამოუცხადა

ცენზურა საზოგადოებრივ მაუწყებელში-ტელევიზია, საკუთარ თანამშრომლებს აჩუმებს და გაფრთხილებებს აძლევს. თინათინ ბერძენიშვილის ხელმოწერილი ბრძანება სამ თანაშრომელს გაუგზავნეს. სამიზნეში ამჯერადაც გადაცემა “რეალური სივრცის“ გუნდია ამოღებული.

საყვედური გამოეცხადა გადაცემის რედაქტორს, ტუხა კვინიკაძეს. ოფიციალურად მას მაუწყებლის “სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას“ ედავებიან.

ბრძანებაში, წერია, რომ  კვინიკაძე მომდევნო 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნება აყვანილი და თუ მისი რომელიმე განცხადება არ მოეწონებათ, შესაძლოა, სამსახურიდანაც გაუშვან.

შენიშვნა მივიღეთ, რომ ეჭვქვეშ დავაყენეთ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა და მისი მიუკერძოებლობა, ასევე რეპუტაციული ზიანი მივაყენეთ დამსაქმებელს. მედიაორგანიზაცია, რომელშიც ვმუშაობდით, ვერ პასუხობდა გამოწვევებს, ფაქტობრივად, ეთერი არ გვქონდა, გარდა ახალი ამბებისა და ეს ახალი ამბებიც როგორ შუქდებოდა ესეც საეჭვო და შემაშფოთებელია. ამაზე დავიწყეთ ხმამაღლა ლაპარაკი. მნიშვნელოვანი იყო, რომ საზმაუს შეესრულებინა ის ფუნქცია, რაც მას აქვს. ჩემს შემთხვევაში იყო პატარა ვიდეო ჩემს მეგობართან და თანამებრძოლთან, სადაც სამზაუში მიმდინარე პროცესებზე ვლაპარაკობთ. დღეს რაც ხდება ქვეყანაში, მედიასთან მიმართებით რა კანონებსაც იღებენ, ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი მედია აღარ იარსებებს, სწორედ ამის გაგრძელებაა ისიც, რომ საზმაუ ცდილობს, გაწმინდოს ტელევიზია იმ ხალხისგან, რომელიც ხმას იღებს და მისი მუშაობის პრინციპებს აკრიტიკებს. ძალიან ცუდ რეალობაში აღმოვჩნდებით ყველა ერთად, სადაც რეალობას შეგვილამაზებენ სახელისუფლებო მედიები და ამას ვიგრძნობთ მაშინ, როცა სახლებთან მოგვადგება“,- განაცხადა ტუხა კვინიკაძემ. 

ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა "შაბათ-კვირის შოუს" კორესპონდენტ ანა აბაკელიას და "შაბათ-კვირის შოუს" აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჭინჭარაულსაც.

გუშინ, დღის ბოლოს მომივიდა მეილი, ჩემ გარდა კიდევ ორ ადამიანს მიუვიდა გაფრთხილება. მედავებიან „ტვ პირველის“ ეთერში ყოფნას, სადაც არანაირი რეპუტაციული ზიანის მიყენებას არ ჰქონია ადგილი, პირიქით, თუ ვინმე არხს რეპუტაციულ ზინას აყენებს, ეს არის მენეჯმენტი და ბორდი და დანარჩენი ადამიანები, ვინც ვსუბრობთ, ვცდილობთ იმას, რომ რეპუტაცია გადავარჩინოთ არხის, - ამბობს თამარ ჭინჭარაული.

ცნობისთვის,  საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 აპრილს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.