მზადება დიდი პროტესტისთვის - პროევროპული აქციების მონაწილეების გეგმა ცნობილია

დიდი ერთობის დღე საქართველოში - ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება.
პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.
შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.
საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან.
დღევანდელი დღე ეძღვნებათ პატიმრებს. ეს აქცია არის ერთ-ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დაანონსებული. მან სიტყვა-სიტყვით დაწერა, თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ეს იყო 2024 წლის 19 აპრილის გადმოტანა. მან შეადგინა იგივე მარშრუტი, რაც 2024 წლის 19 აპრილს გავიარეთ. სამწუხაროდ, ზვიად ცეცხლაძე დღეს ვერ დაესწრება აქციას და ვერ დადებს ფიცს, ვინაიდან იგი თავისუფლებისთვის და საქართველოსთვის ბრძოლის გამო არის დაჭერილი. ამიტომ, მის ფიცს წაიკითხავს მისი მამა, ზურაბ ცეცხლაძე. იქიდან ყველა ერთად წავალთ ქაშვეთთან და ყველა ერთად შევხდებით აღდგომას", - განაცხადა სტუდენტმა.