ბუღაძე: გარეწრებმა 50-ზე მეტი კაცი დაატყვევეს - ჩვენი რუსთაველზე დგომა აუცილებელია

მხატვარი გია ბუღაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ევროპული მომავლის მცველებთან, სტუდენტებთან, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად შეხვდება.
როგორც ბუღაძე "პირველებთან" ამბობს, "გარეწრებმა" 50-ზე მეტი ადამიანი ციხეში დაატყვევეს, სწორედ ამიტომ, მისი შეფასებით, დღეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დგომა აუცილებელია.
რეალურად ეს აქცია, რომელიც ერთი წლის წინანდელი აქციის გარკვეული ანალოგიაც არის, მაგრამ განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის პირველი ფიცის დადების აქცია აღსრულდა, რომელიც იყო მართლა უნიკალური. ერთი წლის თავზე ისევ იმ დღეში ვართ, ისევ იგივე პრობლემებზე გვიწევს ლაპარაკი და ისევ ახალგაზრდები. სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ერთი წლის წინ ეს ფიცი დადეს და ინიციატორი ვინც არის დღეს ციხეშია და ეს არის სინდისის პატიმარი და უნიჭიერესი ადამიანი.
50-კაცზე მეტი ციხეშია დატყვევებული ამ გარეწრების მიერ. შედარებით მოზრდილი თაობა და ბებერი თაობა ვერ მოვიპოვეთ იმ ბედნიერ საქართველოს, თუ ახალგაზრდების მხარში არ ვიქნებით. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ჩვენი იქ ( რუსთაველზე) ყოფნა ", - ამბობს გია ბუღაძე.
დიდი ერთობის დღე საქართველოში - ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება.
პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.
შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.
საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან.