"უკან გზა აღარ არის, ან ვკარგავთ სამშობლოს, ან გავდივართ სამშვიდობოს" - გოგიძე
მსახიობი კახა გოგიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქვეყნის ევროპული მომავლის მცველებთან, სტუდენტებთან და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდება.
როგორც გოგიძე "პირველებთან" ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა - "უკან გზა აღარ არის, ან ვკარგავთ სამშობლოს, ან გავდივართ სამშვიდობოს".
ეს არ არის ბრძოლა არჩევნებისთვის ან სხვა რაღაცისთვის, ეს არის უკვე სამამულო ბრძოლა. ეს არის ნამდვილად სამამულო ბრძოლა და სანამ სამამულო ომში გადაზრდილა, ნამდვილად ყველა უნდა იყოს გარეთ. ყველა უნდა ითხოვდეს ახალ არჩევნებს და ტყვეების გამოშვებას, სხვანაირად საქართველოს დავკარგავთ. ნამდვილად დავკარგავთ. ვერ ხედავთ, სადამდე წავიდა საუბარი, პატრიოტობა ან ვიზალიბერალიზაციაზე გაიყვანეს უკვე. უკან გზა აღარ არის, ან ვკარგავთ სამშობლოს, ან გავდივართ სამშვიდობოს", - ამბობს კახა გოგიძე.
დიდი ერთობის დღე საქართველოში - ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება.
პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.
შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.
საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან.