"ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!" - უწყვეტი აქციების 144 დღე თბილისში

დღესასწაულის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე პროტესტია. ევროპული მომავლის მცვლებიახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან მსვლელობით ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიდიან.
დღეს უწყვეტი აქციების დაწყებიდან 144 დღე გავიდა. აქციის მონაწილეები ქუჩაში ორი მთავარი მოთხოვნით დგანან: დაინიშნოს ახალი არჩევნები და ივანიშვილმა ციხის კარი გაუხსნას პოლიტპატიმრებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უამრავი რეპრესიული კანონის მიუხედავად, არალეგიტიმური ხელისუფლება მათ პროტესტს ვერ შეაჩერებს.
წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმას იძენს. ის ძალიან მოქნილია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება იგონებს უამრავ ახალ კანონს. რატომ სჭირდება ახალი კანონები? იმიტომ, რომ წინა არ იყო ეფექტიანი. წინააღმდეგობა პოულობს გამოსავალს და ის ცდილობს, დაიცვას საქართველოს ინტერესები მიუხედავად ხელისუფლების რეპრესიების, - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ კურსთან შეგუება, რომელსაც "ოცნება" უკვე ღიად დეკლარირებს, მიუღებელია და თავისუფლებისთვის ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ.
შეფარული მესიჯებიდან, ხელისუფლება გადავიდა, ღიად ამბობს უკვე, რომ ევროპისკენ სვლა შეაჩერა. ღიად ისმის მესიჯები, რომ რუსეთისკენ, ამ იმპერიისკენ უნდათ მათ საქართველოს წაყვანა. პრინციპში, ეს თავიდანვე ნათელი იყო, რომ რაღაც მომენტში "ოცნება" ამის ღია დეკლარირებას გააკეთებდა. 144 დღეა პროტესტი არ ჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ამასთან შეგუება არ სურს. საჭიროა ალბათ მეტი შინაარსებით დატვირთვა ამ პროტესტის, რომ ვთქვათ, მოსახლეობას უფრო თვალნათლივ ვაჩვენოთ, რომ ის ეკონომიკური კურსი, რაც "ოცნებას", მის წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა, ის პოლიტიკური კურსი, რაც ახლა დეკლარირებულია, არის დამღუპველი. რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, - ამბობს გიორგი ჭანტურია.