მიხეილ სამხარაძეს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება - ადვოკატი
აღდგომის ღამეს დაკავებული მიხეილ სამხარაძის ადვოკატი, რომელმაც აქტივისტი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს დილით მოინახულა, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზანებები აღენიშნება.
ინტერესების დამცელი ამბობს, რომ სამხარაძე პოლიციელების მოთხოვნას დაემორჩილა და ტროტუარზე გადავიდა, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც დააკავეს.
მოწოდებასაც არ ჰქონია ადგილი. მოსთხოვეს, რომ გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე და მიხეილ უკვე ტროტუარზე იდგა, როდესაც მოხდა მისი უკანონოდ დაკავება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაკავებისას არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული. მას აქვს მსუბუქი დაზიანებები, ხელზე აღენიშნება. უფრო მეტიც, დაკავებისას წააქციეს ბატონი მიხეილი.
თავს კარგად გრძნობს, მხნედ არის იზოლატორში, თუმცა არც კი იცოდა, რის გამო დააკავეს, ვინაიდან ის დაემორჩილა მითითებას. არანაირი განმარტება არ ჰქონია. იზოლატორში გახდა ცნობილი, რომ 173 მუხლით არის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, - ამბობს მარიამ მაღრაძე.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ამ დრომდე ადვოკატისთვის უცნობია გიორგი ორთოიძის ადგილსამყოფელი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.