ძალადობრივი დაკავებები, ქალის თმით თრევა - აღდგომის დღეები თბილისის ცენტრში
5 უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტი და ქალების თმით თრევა შუა რუსთაველზე. აღდგომის დღეებში გომელაურის პოლიციამ თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა. აღდგომის ღამეს დაწყებული ძალადობის სერია დღეს გაგრძელდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა, როლანდ მესხმა ჩართული კამერების წინ ქალი მომიტინგე თმით ათრია.
აღდგომის ღამეს ოლიგარქის რეჟიმმა ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა. ხალხი რუსთაველზე ტრადიციულ აქციაზე იყო მისული და პოლიციელებს ქრისტესშობას ულოცავდა, რა დროსაც იერიში დაიწყეს. ტროტუარზე მყოფი ახალგაზრდები ჩამოათრიეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. არცერთი არც გზას კეტავდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მათ.
როდესაც პოლიციამ ორი აქტივისტი აღდგომის ღამეს სრულად უმიზეზოდ დააკავა, დღეს ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. დღეს პირველ საათზე, მჯდომარე აქციით ხალხმა რუსთაველი პროტესტი ნიშნად გადაკეტა. ითხოვდნენ განმარტებებს, რის გამო დააკავეს ორი ადამიანი აღდგომას, როდესაც არცერთს კანონი არ დაურღვევია და ტროტუარზე იდგა.
მცირერიცხოვან აქციას რეჟიმმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით პოლიციელი დაუპირისპირა. კრიმინალური პოლიციის გარდა, ქუჩაში დღეს რეგიონიდან აქციებისთვის ჩამოყვანილი ძალოვნებიც გამოიყვანეს. მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის შენობა გომელაურის რაზმის თანამშრომლებით გადაავსეს. აქციის მონაწილეებისგან გამზირის გასუფთავების სპეცოპერაციას არჩილ მახარაძე ხელმძღვანელობდა. ის იძლეოდა მითითებებს ხალხის აყვანასთან დაკავშირებითაც.
რეჟიმის პოლიციის ანგარიშზე სააღდგომოდ 5 დაკავებულია. 5-ვე მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. დაპატიმრებულთა ნაწილს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, ხოლო ნაწილი გზის გადაკეტვისთვის არის დაკავებული. 5-ვე ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება და სასამართლო პროცესს ელოდება.
რეპრესიები რუსთაველის გამზირზე - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.