თავის ქებაში ჩაძირული "ოცნება" - ივანიშვილის პარტია დაფუძნების მე-13 წლისთავს სრულ იზოლაციაში ხვდება

21.04.25 20:35
თავის ქებაში ჩაძირული "ოცნება" - ივანიშვილის პარტია დაფუძნების მე-13 წლისთავს სრულ იზოლაციაში ხვდება

"ქართული ოცნების" დაარსებიდან 13 წელი გავიდა, ევროპა კი ე.წ. ხელისუფლებამ ნამდვილად გააოცა, მაგრამ არა დემოკრატიით, არამედ დემოკრატიული უკუსვლით.  

"წარმოუდგენელია, დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს მხარი. მხარი დაუჭიროს მათ, ვის წინააღმდეგაც ჩვენმა სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს" - ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად 13 წლის წინ თქვა. მაშინ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც 41 უკეთესი მომავლის იმედად შემოხაზეს, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით გადაჭედილ რუსთაველის გამზირზე წლების შემდეგ ახალგაზრდებს ისევ სასტიკად გაუსწორდებოდნენ. 

2012 წლის 21 აპრილი, ამ დღეს გაატარა რეგისტრაციაში ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება". პოლიტიკოსი, რომელმაც ივანიშვილთან ერთად არაერთი ბრძოლა გამოიარა, დღეს ამბობს, რომ რომ ეს პარტია იმაზე უფრო დიდ მონსტრად იქცა, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის დროს ებრძოდა. 

"ქართულმა ოცნებამ" დღეს, დაარსებიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით მხოლოდ წერილი გაავრცელა. აქ ისევ ევროკავშირის მტრად გამოცხადების მცდელობას ვხედავთ. "ოცნების" პოლიტსაბჭო წერს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოს შანტაჟით ცდილობს, ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალები დაბრუნდნენ.

სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა "ოცნებას" სულ სხვანაირად ესმის, ვიდრე ეს 13 წლის წინ იყო. ოლიგარქის დაპირებული გასაოცარი დემოკრატიის ნაცვლად, საქართველომ მიიღო დიქტატურა, დამოუკიდებელი სასამართლოს ნაცვლად კი კლანის სასამართლო. ქვეყნის უკუსვლის ამ ქრონოლოგიამ პარტიიდან ყველა ის ადამიანი წამოიყვანა, ვინც გააცნობიერა, რომ 2012 წელს გაცემული დაპირებები ივანიშვილმა ხალხთან ერთად თანაგუნდელებიც მოატყუა.

"ოცნების" 13 წელი - დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები