რუსთაველის გამზირზე დაკავებული მოქალაქეები დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს - ადვოკატის თქმით, ერთ-ერთს დაზიანებების კვალი აღენიშნება

21.04.25 20:29
რუსთაველის გამზირზე დაკავებული მოქალაქეები დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს - ადვოკატის თქმით, ერთ-ერთს დაზიანებების კვალი აღენიშნება

რუსთაველის გამზირზე დღეს დაკავებული მოქალაქეები დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს - დაპატიმრებულებთან ადვოკატი იყო შესული, რომელმაც დაადგინა, რომ დაკავებულიდან ერთ-ერთს, ლაშა დგებუაძეს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება.

როგორც ლაშა დგებუაძემ მის უფლებადამცველს განუცხადა, დაპატიმრების პროცესში პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ყელზე იმდენად უჭერდა ხელს, რომ სუნთქვაც კი აღარ შეეძლო. მისივე განმარტებით, სამართალდამცველი, რომელიც მასზე ძალადობდა, სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული. 

სამივეს შევხვდი. აქედან დავით გუნიაშვილს და ლევანს დაზიანებები არ აქვთ. თუმცა დაზიანებები აქვს ლაშას, რომელიც დაკავების დროს მიიღო. მძიმედ უჭერდა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ფორმაც კი არ ეცვა, სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული და მისი იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი, რომ რეალურად პოლიციელი იყო. დაკავების დროს უჭერდა ყელში და ვერ სუნთქავდა. დაკავებისასაც ადგილი ჰქონდა ძალადობას. ძალის გადამეტებით მოხდა მათი დაკავება. ყველა მათგანი რეალურად დააკავეს ტროტუარზე. ყველა მათგანს ედავება დაუმორჩილებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო. რამდენიმე მათგანს, ასევე, 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, გზის გადაკეტვას ედავებიან. ყველა მათგანი, რომლებიც დღეს მოვინახულე, იდგნენ ტროტუარზე. მათი დაკავება მოხდა ტროტუარზე. ისინი გზას ხელოვნურად არ კეტავდნენ". - განაცხადა ადვოკატმა.

დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ასევე გადაყვანილები არიან ლევან ზაზაძე და დავით გუნაშვილი. ზაზაძე პოლიციამ თავისუფლების მოედანზე იმ დროს დააკავა, როდესაც ტროტუარზე იდგა. რაც შეეხება დავით გუნაშვილს, ყოფილი საჯარო მოხელე ადვოკატს უყვება, რომ პოლიციელებმა ხელბორკილები ტროტუარზე ყოფნის დროს დაადეს.

სამივე დაკავებულს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. არ არის გამორიცხული, რომ მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 აპრილს გაიმართოს. 

მსგავსი სიახლეები