საბა სხვიტარიძის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა
საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელის ჩვენება სასამართლოზე - პროცესზე მისულმა სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციელი მირიან ქავთარაძე.
- ედიშერაშვილის ის გამომძებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს.
დღეს სალომე ედიშერაშვილმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია და არც ქორთიად მერიოოტის" მიმდებარედ არსებული კამერები ამოუღია, ასევე არ გამოუთხოვია ტელევიზიებიდან ვიდეოკადრები.
გამომძიებელმა განაცხადა, რომ "საქმეზე დანაშაულის ჩადენის ამსახველი კადრები დამაგრებულია".
ადვოკატის კითხვაზე, მოპოვებულ ვიდეოჩანაწერზე მოითხოვა თუ არა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც მათ შორის, დაადგენდა, იმას, ვიდეოჩანაწერი იყო თუ არა დამონტაჟებული, გამომძიებელმა უპასუხა, რომ ექსპერტიზა ჩანაწერზე არ მოუთხოვია, ვინაიდან, ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კითხვაზე, ესმის თუ არა მას ვიდეოში, საბა სხვიტარიძის სიტყვები, "ქალს ხელს როგორ ურტყამ", ედიშერაშვილმა უპასუხა, "მე მგონი იმის".
ჩომახაშვილის კითხვაზე, ვიდეოში სადმე ისმის თუ არა ფრაზა, როცა მირიან ქავთარაძე ამბობს, პოლიციელი ვარ და ნუ მირტყამო, გამომძიებელმა განაცხადა, რომ "არ ახსოვს".
ადვპოკატმა კითხვა დაუსვა, ხედავდა თუ არა ის ვიდეომასალაში მირიან ქავთარაძის მხრიდან მოქალაქეზე ხელის დარტყმას.
"ხელის გარტყმის მომენტი კარგად არ ჩანს, ეს ფაქტი ჩემი კომპეტენციის სფერო არაა, ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა",- განაცხადა ედიშერაშვილმა.
ადვოკატის თქმით, იმისთვის, რომ პირის პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალდების წარდგენა მოხდეს, მისთვის ცნობილი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პირი პოლიციელია. ჩომახაშვილმა ედიშერაშვილს მიმართა, ჰკითხა თუ არა მან პოლიციელებს, თუ რა მიზნით არ ეცვათ ფორმები, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ "სამოქალაქო ფორმით ყოფნა დანაშაული არაა". ასევე, გამომძიებლის თქმით, მას მირიან ქავთარაძე არ დაუკითხავს.
ჩომახაშვილის კითხვაზე, საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, იყო თუ არა მნიშვნელოვანი მირიან ქავთარაძის წინარე ქმედებები, გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა.
"კადრებში, რომელსაც აჩვენებთ, კარგად ჩანს, რომ საბა სხვიტარიძე მირიან ქავთარაძისგან მოშორებით დგას,
მისი ქმედება ჩემი კომპეტენციის ფარგლებში არაა",- განაცხადა ედიშერაშვილმა.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის კითხვაზე, როცა მასთან ოთახში საბა სხვიტარიძე შეიყვანეს, შენიშნა თუ არა ნაკაწრი მის შუბლზე, გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
"მე არ დამინახავს, არ დამითვალიერებია, დიდი ზომის დაზიანება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, შევამჩნევდი, თუმცა, ჩემმა კოლეგამ რა დაზიანებებიც თუ ნაკაწრიც ჰქონდა, აღწერა",- განაცხადა ედიშერაშვილმა.
კითხვაზე, საბა სხვიტარიძე ჰყავდათ თუ არა სამმართველოს მე-5 სართულზე და მოხდა თუ არა იქ მის მიმართ ძალადობა, გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ "საბა მის ოთახში, მშვიდად, წყნარად, ხელბორკილების გარეშე შეიყვანეს". "როგორც ვიცი, ის პირდაპირ მე-8 სართულზე ამოიყვანეს",- განაცხადა ედიშერაშვილმა.
მას კითხვებით მიმართა საბა სხვიტარიძემაც.
"ბატონმა თედორემ რომ შეამოწმა ჩემი დაზიანებები და მიუთითა, კითხვა რატომ არ გაგიჩნდათ, საიდან მივიღე ის"? აღნიშნულზე გამომძიებელმა უპასუხა, რომ "საბა არ გასცემდა არანაირი ინფორმაციას".
"ადვოკატს და სასწრაფოს რომ ვითხოვდი, რატომ არ მომიყვანეთ"?- მიმართა მას კვლავ კითხვით, რაზეც ედიშერაშვილმა უპასუხა:
"არ გითქვამთ, ძალიან მშვიდად ისხედით, არანაირი პარკი არ შემომიწოდებია",- განაცხადა ედიშერაშვილმა.