გიორგი ჩხეიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალის გამოყენებით დაკავებულ გიორგი ჩხეიძეს დაზიანებები აღენიშნება.
დაკავებული ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
როგორც მარიკა არევაძემ განაცხადა, დაზიანებები დაკავებულს ხელის, მუხლის და გვერდის არეში აღენიშნება.
ადვოკატის ცნობითვე, ჩხეიძეს დაკარგული აქვს პირადი ნივთები.
გიორგი სრულიად უმიზეზოდ დააკავეს, ის ტელეფონით გადაადგილდებოდა, რა დროსაც უკანიდან პოლიციელები დაესხნენ თავს და გაიტაცეს. გიორგის აღენიშნება, ძალადობრივი გატაცების დროს მიღებული, არაერთი დაზიანება, მათ შორის თავის არეში აქვს კოპი, აქვს დაზიანება ასევე მხარზე, მუხლზე და მკლავზე, რაც მას აქვს მიღებული არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაკავების დროს. გიორგიმ, ვიდრე მე შევიდოდი, მოახერხა და ექიმს დაასურათებინა ეს ყველაფერი. ვესაუბრე ექიმსაც და მან დამიდასტურა, რომ ეს ყველაფერი არის გადაღებული, რომელსაც აუცილებლად გამოვითხოვთ. ამასთან, გიორგი დაკავების დროს თან ჰქონდა ტელეფონი და აქსესუარები, რომლებიც იზოლატორში არ არის. მას ჩამოართვეს ეს ნივთები, ითხოვდა რომ მისი დალუქვა, მისი თანდასწრებით მომხდარიყო, რაც არ განხორციელდა. ეს უკვე დავაფიქსირეთ გენინსპექციის ცხელ ხაზზე და იმედია, რომ ეს ნივთები გამოჩნდება, -განაცხადა მარიკა არევაძემ “ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას.
მისივე თქმით, როგორც გაირკვა ახალგაზრდა კაცი პოლიციელისთვის “მონას” დაძახების საბაბით დააკავეს, თუმცა როგორც ადვოკატმა თქვა, ჩხეიძემ გომელაურის უწყების წარმომადგენელს მხოლოდ ის უთხრა, რომ “ვიმახსოვრებთ ცრუ მოწმეებს”
ცნობისთვის, “პუბლიკამ“ გადაიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რა ვითარებაში დააკავეს გიორგი ჩხეიძე. ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი ჩხეიძე მოშორებით დგას ადამიანთა ჯგუფიდან და შორიახლოდან იღებს ვიდეოს, რა დროსაც მასთან მიდის სამი პოლიციელი და იწყებენ მის დაკავებას.