სამთო წარმოება მხოლოდ რეორგანიზაციის და პროტესტის შეწყვეტის პირობით აღდგება - "ჭიათურის მანგანუმი"

23.04.25 12:14
სამთო წარმოება მხოლოდ რეორგანიზაციის და პროტესტის შეწყვეტის პირობით აღდგება - "ჭიათურის მანგანუმი"

შეწყდება თუ არა პროტესტი ჭითურაში? ქალაქში, სადაც მანგანუმის წარმოება თვეების განმავლობაში გაჩერებული იყო, კომპანიამ სამუშაოების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რეორგანიზაციის პირობით.

განცხადებას ამის შესახებ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამავე განცხადებაში წერია რომ წარმოების განახლების პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. სოცკი რუსი ბიზნესმენია, რომელსაც აქამდე ტყიბულის შახტების მართვა ჰქონდა ჩაბარებული.

ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა. წარმოების განახლების პროცესს მაღალკვალიფიციური მენეჯერი მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა.

შემუშავებული გეგმის მიხედვით, წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს.  

კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია.
 

კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება.
ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში. ადგილობრივი ჯგუფების მიერ მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია პარალიზებულია. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში, საიდანაც კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა – ამ მოცულობის დანაკარგი პირდაპირ აზიანებს როგორც კომპანიას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონს - წერს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“

ცნობისთვის, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის" მიერ გათავისუფლებული მაღაროელები ჭიათურაში აქციას მართავენ.

მოქალაქეები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას ემიჯნებიან. ქუჩაში გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ მათი პრობლემებით "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები არ ინტერესდებიან.  

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან" დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.

მსგავსი სიახლეები