უმანქანო აქტივისტებს რეჟიმი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის აჯარიმებს
„თქვენი სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174/1 მუხლის მე-5 ნაწილით, ქალაქი თბილისი, რუსთაველის მიმდებარედ”. – ამ შინაარსის სმს შეტყობინება დღეს, 23 აპრილს არაერთმა მოქალაქემ მიიღო, თუმცა შეტყობინებაში არც ავტომობილის ნომერი და არც გაჩერების კონკრეტული ადგილი წერია, რადგან დაჯარიმებული ხალხის ნაწილი "პირველებთან" ამბობს, რომ ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ.
აქტივისტები ამბობენ, რომ ჯარიმების გადახდას არ აპირებენ.
ვინც ამ ამბავში დააჯარიმეს, ყველა არის უმანქანო და მოდის ჯარიმა, თითქოს სატრანსპორტო საშუალება დააჯარიმეს, სანომრე ნიშნით - 0. რაღაც ეგეთი აბსურდული რაღაცაა, თავიდან რომ შევხედე, გამეცინა. ძალიან აბსურდულია ნაბიჯები, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ჩემთვის, უბრალოდ, ციფრებია, რასაც წერენ, იმიტომ, რომ მაინც დაყადაღებული ვარ და არც ვაპირებ ჯარიმის გადახდას. ანუ შემიძლია, ნიღაბი არ გავიკეთო სახეზე და ისე მივიდე და ამათმა წერონ ეს ჯარიმები. არც ვკეტავ გზას, უბრალოდ, ვდგავარ იქ, პარლამენტთან", - ამბობს "პირველებთან" აქციის მონაწილე.
დაჯარიმებულთა შორის არის სინდისსი პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის დაც. ქეთუნა ქერაშვილი ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ე.წ. ხელისუფლება ჩიხურ მდგომარეობაშია და აქციის მონაწილეების გაჩერებას სადამსჯელო ღონისძებებით ცდილობს.
მომივიდა მესიჯი პოლიციისგან, რომ 8 მარტის აქციაზე, მარშზე ქალთა მარშზე დავჯარიმდი 5 ათასი ლარით. ოღონდ, კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, დავჯარიმდი იმ მანქანის არასწორი პარკირებისთვის, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ მანქანა ფიზიკურად არ მაქვს და არც არასდროს მქონია. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ე.წ. ხელისუფლება არის ჩიხურ მდგომარეობაში", - ამბობს ირაკლი ქერაშვილის და.
რას ითვალისწინებს მუხლი, რომლითაც აქტივისტები დააჯარიმეს:
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174/1 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ეხება, მისი მე-5 ნაწილში კი ნათქვამია, რომ დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.