"უსამართლობას არ შევეგუებით" - პარლამენტთან გიორგი ორთოიძის მხარდამჭერი აქცია იმართება
პარლამენტის შენობა პროტესტის ეპიცენტრია. ადგილზე გიორგი ორთოიძის მეგობრები და ოჯახის წევრები იმყოფებიან და აღდგომის ღამეს აქტივისტის ჯერ უკანონო დაკავებას, შემდეგ კი მის ციხეში გაშვებას აპროტესტებენ.
დაკავებული აქტივისტის ახლობლები ტროტუარზე, სწორედ იმ ადგილას დგანან, სადაც პოლიციამ ორთოიძე უსაფუძვლოდ დააკავა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები აცხადებენ, რომ "ოცნება" თვითიზოლაციაშია და ამიტომ პროტესტის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. მსახიობი კახა კინწურაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სისტემა ადამიანების ჩაგვრასა და დაშინებაზეა გადასული, თუმცა მათ სამართლიან პროტესტს ეს ვერ შეაჩერებს.
ეს არის სისტემა, რომელიც აწყობილია ადამიანების ჩაგვრაზე, რომელსაც უნდათ, რომ დააშინოს საზოგადოება. ჩვენ, პირადად, რამდენიმე ჩემი მეგობარი, ვინც აქ არიან, თავიდანვე ამას ვამბობდით, რომ ჩვენ ვდგავართ ერთმანეთისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მოცემულობა არ შეიცვლება. არ შევეგუებით იმ უსამართლობას და ძალადობას, რაც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, - ამბობს კახა კინწურაშვილი.
მსახიობი სანდრო კაკულია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა მსგავსი უსამართლობის გაპროტესტება, რათა ე.წ. ხელისუფლებამ იცოდეს, რომ მათი ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.
შიში არის ნომერ პირველი ამოცანა, რომლის დანერგვასაც ცდილობს ხელისუფლება, მაგრამ არ არსებობს ქვეყნის სიყვარულში გაზრდილი თაობის შეშინება. ხოლო მე ვარ ადამიანი, რომელიც აქ ვიდექი ჩემს მშობლებთან ერთად 9 აპრილს. ამით შიშს ვერ ნერგავენ. მნიშვნელოვანია, რომ არ გავატაროთ არცერთი შემთხვევა, როგორც, ვთქვათ, ეს, რომ ვანახოთ ყველას, მათ შორის, დამჭერებს, მოსამართლეებს, ხელისუფლებას, რომ რეაგირების გარეშე უსამართლობა არ დარჩება, - ამბობს სანდრო კაკულია.
ყოფილი საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე ამბობს, რომ თუ ტროტუარზე დგომა დანაშაულია, მაშინ რეჟიმმა აქციის ყველა მონაწილე უნდა დააკავოს.
რეჟიმი მოვიდა ჩვენთანაც. ის მოცოცავს თითოეული მოქალაქისკენ და უკვე აღდგომა დღეს დააკავეს ჩემი მეგობარი საფეხმავლო ბილიკზე დგომის გამო და მიუსაჯეს 5 დღიანი პატიმრობა. თუ ეს არის სამართალდარღვევა, მაშინ რეჟიმმა უნდა დაგვაპატიმროს ჩვენც. თუ ის ამას არ გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენ დამნაშავე ვართ აქ მდგომი გამვლელი ადამიანები და უბრალოდ, ეს ყველაფერი დამოკიდებულ იქნება იმაზე, როდის მოისურვებს რეჟიმი, რომ ჩვენ დაგვსაჯოს, - ამბობს დავით ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აღდგომის საღამოს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიციამ გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე რუსთაველის გამზირზე 20 აპრილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავა.