ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა - სასამართლოში დავით გუნაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული პირის, დავით გუნაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, აქტივიტს დარბაზიდან გაათავისუფლებს თუ ადმინსიტრაციულ პატიმრობაში გაუშვებს
დავით გუნაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. დღეს მისი პროცესი მოულოდნელად ჩაინიშნა, ისე, რომ ადვოკატებიც არ გააფრთხილეს.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გუნაშვილი სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს, რადგან აქციის მონაწილის მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ადვოკატი დამატებითი მოწმეების გამოკითხვას ითხოვს.
პროცესზე დავაყენეთ შუამდგომლობები მოწმეთა სახით ოთხი ადამიანის გამოკითხვაზე, ასევე ვიდეომტკცებულებები წარვადგინეთ საქმეში, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არცერთ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია დავითის მხრიდან. კადრებშიც ჩანს ტროტუარიდან როგორ ჩამოათრია პოლიციელმა, რომელიც ძალადობდა გოგონებზე და ქალებზე და მხოლოდ ამის გამო დააკავეს. დღეს გახდება ჩვენთვის ცნობილი სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებს, დატოვებს პატიმრობაში, გამოიყენებს ჯარიმას თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური, - ამბობს გუნაშვილის ადვოკატი.
დავით გუნაშვილი პოლიციამ აღდგომის მეორე დღეს აქციაზე დააკავა. პოლიციელებმა ის, პრაქტიკულად, გაიტაცეს და იზოლატორში მოათავსეს.