აქტივისტების დაკავება აღდგომის დღეებში და აბსურდული დაჯარიმებები ცხადყოფს, რამდენად რუსულია "ოცნების" რეჟიმი - ზურაბიშვილი

"ოცნების" რუსული რეჟიმი რუსეთის მსგავსად იქცევა, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს აღდგომის დღეებში აკავებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ბრალდებები, რომელსაც პროტესტის მონაწილეებს უყენებენ, აბსურდულია. მისი თქმით, ადამიანებს აკავებენ და ასამრთლებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი არსებულ რეჟიმს მშვიდობიანად, ტროტუარზე დგომით აპროტესტებენ.
პრეზიდენტმა აბსურდული უწოდა იმ ფაქტსაც, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ავტომობილები არ გააჩნიათ, სწორედ მანქანის არასწორი პარკინგის ბრალდებით აჯარიმებენ.
მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში, „დიდი შვიდეულის“ დროს მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ მოხდა და არ ხდება. ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით - სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს. ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე იქცევა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ პერიოდში, აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები - ყველაზე უსუსურ პირობებში. საერთოდ არავინ არაფერს არღვევს იმიტომ, რომ პირველივე დღიდან, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, ადამიანებს აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვის, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს. საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმის, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.