მკვლელობა ყაზბეგში - კაცს, რომელმაც გამოძიების ცნობით, მეზობელი მოკლა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

23.04.25 16:22
მკვლელობა ყაზბეგში - კაცს, რომელმაც გამოძიების ცნობით, მეზობელი მოკლა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

47 წლის გია ხაიკაშვილის  მკვლელობისთვის  დაკავებულს პროკურატურამ  ბრალდება წარუდგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა ქუშაშვილს ციხეში 15 წლის გატარება ემუქრება.

 გამოძიების ინფორმაციით მკვლელობაში  ბრალეულმა მეზობელს  ყელი გამოჭრა. მიზეზი ერთ -ერთი ვერსიით,  წარსულში დაწყებული დაპირებაა.

მკვლელობის  საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი - პაატა ქუშაშვილი. 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეორე ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"პირველები"  ნიკა ქუშაშვილის ადვოკატი ჩაწერა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

მისივე თქმით, საქმეში მოწმეთა ჩვენებები დევს, თუმცა, რა წერია დოკუმენტში, ამაზე ადვოკატი არ საუბრობს. 

მოწმეთა ჩვენებები არსებობს, თუმცა მე იმას ვერ გეტყვით ვის წინააღმდეგ არის ეს ჩვენებები დაწერილი და კონკრეტულად რა შინაარსის არის, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე წუთის წინ გადმოგვეცა დაცვის მხარეს, შესაბამისად, შინაარსობრივ ნაწილს არ ვიცნობ, თუმცა კონკრეტული პირები არიან გამოკითხულნი.

მათი დაკავება მოხდა საგამოძიებო ორგანოში, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული და შემდგომ უკვე დააკავეს ისინი და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები