რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა - რიცხვები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ რეალობას აჩვენებს

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე რიცხვებში აისახა - ბიუჯეტში ფული არ შევიდა, პირველ კვარტალში დღგ-ეს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა. ანუ იანვრიდან მარტამდე ოცნების ფინანსთა სამინისტრომ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომელსაც ელოდა. ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია - პროგნოზზე 70 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე გათვალეს. მხოლოდ 89 პროცენტით შესრულდა იმპორტის გადასახადი. ეს რიცხვები შემთხვევითი არ არის და ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ პირველადი შედეგია.
ყველაზე მძიმედ კრიზისს საკუთარ თავზე ბიზნესი გრძნობს. შემცირებული მომხმარებელი და შემოსავალი, გაზრდილი ფასები და არანაირი ახალი ინვესტიცია - ეს არის დღეს ქართული ბიზნესის რეალობა. ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება ეკონომიკაში კრიზისის დაწყების გამოხატულებაა. ბიზნესმენი კახა ხაზარაძე "პირველებთან" ამბობს, რომ წინ კიდევ უფრო მძიმე თვეები გველოდება.
მსხვილი ბიზნესი მძიმე ეკონომიკური სცენარისთვის ემზადება. არათუ უცხოეული ინვესტორები, უკვე თავადაც ვეღარ რისკავენ ახალი პროექტის დაწყებას ქვეყანაში. მათი თქმით, ინვესტიციები ისედაც შემცირებულია და რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამს რეჟიმი ქვეყნის დასავლური კურსის წინააღმდეგ, უფრო მეტი შიში ჩნდება და ინვესტორები უკვე ფულის გატანაზე ფიქრობენ.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.