ვიდეომასალა, ან ფოტომასალა ხომ უნდა არსებობდეს, რომ ერთად ვმოქმედებდით... მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს - ცეცხლაძე

23.04.25 20:54
ვიდეომასალა, ან ფოტომასალა ხომ უნდა არსებობდეს, რომ ერთად ვმოქმედებდით... მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს - ცეცხლაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე, სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ სიტყვის თქმის უფლება გამოიყენა - რეჟიმის ტყვემ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის თანდასწრებით პირდაპირ განაცხადა, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას დაადასტურებს. 

ზვიად ცეცხლაძემ ასევე თქვა, რომ მისსა და კიდევ 7 პირის მიმართ აღძრული საქმე არასწორი მუხლით მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ ოთხ კედელში გამომწყვდეულმა ახალგაზრდამ მუხლის გადაკვალიფიცირების შესახებ მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა. 

სიტყვაზე შეიძლება ჯგუფის ორგანიზება მოხდეს ისე, რომ პირები ერთმანეთს არ იცნობდნენ. კონკრეტულ ადგილას უცხო ადამიანები შეიკრიბონ და გადაინაწილონ. მაგრამ რაღაც სახის მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს, რომ ერთ კონკრეტულ ადგილას პირები ერთ კონკრეტულ დროს იმყოფებიან. ვიდეომასალა, ან ფოტომასალა ხომ უნდა არსებობდეს, რომ ეს ადამიანები ერთად მოქმედებდნენ მაინც. როდესაც ეს მოცემულობა არ გვაქვს, რომ ერთ სივრცეში, ერთ დროში ადამიანები ერთად მოქმედებდნენ, ჩვენ ისეთი საქმის განხილვაში შევდივართ, რომლის მუხლიც, ფაქტობრივად, შეუფერებელია. ყველაფრის მტკიცება შეიძლება აბსოლუტურად, მაგრამ თუ მოცემულობა არ არის, თუ დისპოზიციას ვერ ვაკმაყოფილებთ, ხომ შეიძლება რომ გადაკვალიფიცირდეს მაინც და უფრო რელევანტური მუხლით მაინც ხდებოდეს..." - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი გაიმართა. ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმე საინქცირებულმა თამარ მჭედლიშვილმა განიხილა, რომელიც "კლანის" წარმომადგენლის, ლეანი მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.