მოცილებული ვართ ოჯახებს, გულში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება - ვასილ კაძელაშვილი მოსამართლეს

23.04.25 21:05
მოცილებული ვართ ოჯახებს, გულში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება - ვასილ კაძელაშვილი მოსამართლეს

გულში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება - ამ სიტყვებით მიმართა დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს სინდისის პატიმარმა, ვასილ კაძელაშვილმა.

რეჟიმის ტყვემ დღეს სასამართლოს უთხრა, რომ უსამართლოდ და აბსურდული მიზეზით არიან გამოკეტილი ციხეში.

ჩვენ ყველა ვართ უსამართლოდ ამ მდგომარეობაში. მოცილებული ვართ ოჯახებს, დედები თავის შვილებს და ძალიან გთხოვთ, რომ თქვენ გულის სიღრმეში ჩაიხედოთ და ის სიმართლე გამოიტანოთ, რაც თქვენ გიკარნახებთ თქვენი განვლილი ცხოვრება, თქვენი ოჯახი და თუ რამე ფასეულობები არსებობს ამ ქვეყანაზე", - უთხრა ვასილ კაძელაშვილმა მოსამართლეს. 

შეგახსენებთ, დღეს, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი გაიმართა. ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმე საინქცირებულმა თამარ მჭედლიშვილმა განიხილა, რომელიც "კლანის" წარმომადგენლის, ლეანი მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.