"გულმკერდის არეში დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღმენიშნება" - როგორია დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაშავებული გურამ ღონღაძე "ტვ პირველის" ეთერში პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ახალგაზრდა ამბობს, გულმკერდის არეში დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება.
"ასთმა მაქვს, შეტევა დამემართა და ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან" - აცხადებს გურამ ღონღაძე და განმარტავს, რომ დღევანდელ ღამეს წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში დაჰყოფს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
ამ დროისთვის უკეთესად ვარ და მტრების ჯინაზე უფრო უკეთესად ვიქნები. დაჟეჟილობები მაქვს გულმკერდის არეში და ტვინის შერყევა მაქვს. პასუხები არ არის ბოლომდე მოსული. საბოლოო პასუხების მოლოდინში ვარ, მაგრამ უკეთესად ვარ. ასთმა მაქვს, შეტევა დამემართა და ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან.
ეგ ადამიანი ყოველ შეკრებაზე გამოირჩევა აგრესიით და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტად დაგვაშინონ. ეს არ გამოსდით და ძალიან კარგად ხედავენ და დასაშინებელი არაფერი არ გვაქვს იმიტომ, რომ რა ნამუსით უნდა შეგვეშინდეს და რა ნამუსით უნდა შეგვრცხვეს, როცა 52 ბიჭი ციხეშია გამომწყვდეული. ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული, ვინც დღემდე აგრძელებს ბრძოლას", - ამბობს გურამ ღონღაძე.
შეგახსენებთ, გურამ ღონღაძე თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ახალგაზრდა აქტივისტმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხვა ახალგაზრდებთან ერთად დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. აქტივისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს მოსამართლემ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.