მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმრის პროცესი დამსწრეებისთვის გახსნა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიტპატიმრების ადვოკატების შუამდგომლობა გაითვალისწინა და ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის სასამართლოს დარბაზის კარი გახსნა.
- ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოსამართლეს სხდომის გახსნის თაობაზე თხოვნით მიმართა სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემაც.
ეს ყველაფერი, რასაც მოსამართლის მხრიდან შეფასება მოჰყვა როდესაც რიგი ირღვეოდა, აპლოდისმენტები და ოვაციები იყო ჩვენი სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირების და ზოგადი განცხადებების გამო. ვფიქრობ ჩვენ უკვე ვთქვით ჩვენი სათქმელი და ამიერიდან მხოლოდ საქმეზე მოგვიწევს საუბარი და შესაბამისად ეს ვეღარ განმეორდება, თუმცა ასეც რომ იყოს მე ვიღებ პირადად ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, მე ან რომელიმე ჩვენგანი ადგება და თხოვს საზოგადოებას რომ იგივე აღარ განმეორდეს და ესენი ამას გაითვალისწინებენ დარწმუნებული ვარ. ეს ჩვენი საერთო პოზიციაა. შესაბამისად, თქვენ გექნებათ მინიმუმ იმის საშუალება, რომ კონკრეტულად თუ ვინმე დაარღვევს წესრიგს ის გააძევოთ და მაქსიმუმ საერთოდ არავის გაძევება არ მოგიწევთ. ამიტომ, პირველ რიგში მე მექნება თხოვნა, რომ იქნებ დავასწროთ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ამ სხდომას, ეს არის ჩვენი ის მინიმალური შესაძლებლობა, სადაც შგვიძლია ეს ადამიანები უბრალოდ დავინახოთ და ეს ძალიან გვიხარია. თხოვნის შემდეგ მექნება შუამდგომლობა", - განაცხადა ონისე ცხადაძემ.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.