ეს არის არაკაცობა! - ანდრო ჭიჭინაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს

24.04.25 13:32
ეს არის არაკაცობა! - ანდრო ჭიჭინაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს

 

 

ანდრო ჭიჭინაძის პასუხი ირაკლი კობახიძეს - სინდისის პატიმარმა სასამართლო დარბაზიდან ივანიშვილის პრემიერის გაცნხადებას გამოეხმაურა და კობახიძეს პირდაპირ უთხრა, რომ არაკაცობაა ის, რაც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა პატიმარ ქალზე, მზია ამაღლობელზე და ჭიჭინაძის ოჯახზე.

მისი თქმით, კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და აქციების დროს დაკავებულებს განაჩენი გამოუტანა. 

„დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე, არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დამეკისროს ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

მეორე: როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა. მე აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება.

და კიდევ ერთი საკითხი, მიმხვედრი მიხვდება: სანამ რაღაცას დააბრეხვებთ, უნდა იცოდეთ, ვისთან",- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

  • შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ სამათავრობო ეთერში სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ ისაუბრა. "ოცნების" პრემიერმა "ახალი თეატრის" დაკავებული მსახიობის ოჯახის წევრებზე გაამახვილა ყურადღება და განავითარა "ოცნების" პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც თითქოს, ადრო ჭიჭინაძე 2008 წელს რუსულ ფილმში თამაშობდა. ახსენა მსახიობის პოლიტიკოსი ნათესავი, ელენე ხოშტარია და თქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსული ხაზინიდან ფულს იღებს.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

 მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიტპატიმრების ადვოკატების შუამდგომლობა გაითვალისწინა და ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის სასამართლოს დარბაზის კარი გახსნა.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.